„თქვენ გინდათ რევოლუციაო?“ - რას ჰყვება რადიო თავისუფლების პროდიუსერი, რომელიც სპეცრაზმმა დააკავა და სცემა

3 weeks ago 20

რადიო თავისუფლების პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც სპეცრაზმმა წუხელ ღამით აქციაზე დააკავა, ნაცემია. ის ახლა საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

როგორც მისმა ადვოკატმა, ჯანო ჭკადუამ გვითხრა, მას შუბლის მარჯვენა მხარეს აქვს შესამჩნევი დაზიანებები:

„შუბლი საკმაოდ გაწითლებული აქვს და ცემის კვალი ეტყობა“.

ბექა ბერაძემ ადვოკატს უამბო, როგორ მიდიოდა აქციის სიახლოვეს და როგორ აღმოჩნდა მოულოდნელად პოლიციელების ალყაში. არც იმან გაჭრა, რომ უთხრა, ჟურნალისტი ვარო, მაინც დააკავეს.

„ხოლო როცა დააზუსტეს, რომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იყო, უფრო აგრესიულები გახდნენ და ცემა დაუწყეს. მერე კი მინივენში შეაგდეს სხვა დაკავებულებთან ერთად და დაახლოებით ერთი საათი განმავლობაში, სცემდნენ“, - გვიყვება ჯანო ჭკადუა.

მანქანაში დაახლოებით რვა ადამიანი ჰყავდათ. ბექა ბერაძის მონათხრობიდან ვიცით, რომ სპეცრაზმის წევრები დროდადრო აღებდნენ კარს, თქვენ გინდათ რევოლუცია? ეუბნებოდნენ დაკავებულებს, ურტყამდნენ და უკან ბრუნდებოდნენ.

ბექას გარდა, იმ წუთებში დააკავეს მისი ძმა, თორნიკე და მათი მეგობარიც. თორნიკე ბერაძეც ნაცემია და ის ფიზიკური დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც მისმა დედამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მას დაახლოებით ორ დღეში გაწერენ.

ორ დღეში უნდა გაიმართოს ბექა ბერაძის სასამართლო პროცესი. მას წვრილმან ხულოგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

რადიო თავისუფლების პროდიუსერი ბექა ბერაძეს რადიო თავისუფლება ღამის 03.00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. რადიო თავისუფლებას აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ბექა ბერაძე დაკავებამდე პოლიციელებს ეკითხება - რაზე არ დაემორჩილა მათ.

მესამე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 30 ნოემბრის ღამიდან 1 დეკემბრის დილამდე 44 ადამიანი დაშავდა. 1 დეკემბერს, დღის ორი საათისთვის გამოქვეყნებული ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აქციიდან კლინიკებში გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 44 დაშავებულიდან 27 აქციის მონაწილეა, 1 მედიასაშუალების წარმომადგენელი და 16 შსს-ს თანამშრომელი.

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი კლინიკაში რჩება მედიკოსების მეთვალყურეობით.

მხოლოდ პირველ-ორ ღამეს პოლიციამ 150-მდე ადამიანი დააკავა. დაკავების დროს პოლიციელები აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ. დაშავებულებსა და დაკავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. 30 ოქტომბრისა და 1 დეკემბრის ღამეს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეების ქმედებების გამო დაშავდა მათი 42 თანამშრომელი. აქციის მონაწილეები პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ პიროტექნიკას.

სრულად წაკითხვა