„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკლვევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოიკითხვაზე იმყოფებიან“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში თბილისის დროით 22:00 საათზე.
სავარაუდოდ, მათ დღეს საგამოძიებო ორგანოს დატოვების უფლებას არ მისცემენ.
მანამდე რადიო თავისუფლებას საამიროებში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განუცხადა: „ყველას უფლებებს ზედმიწევნით ვიცავთ“.
რამდენიმე საათის წინ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა გაავრცელა ცნობა, რომ მისი ინფორმაციით, აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე დააკავეს.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად მყოფი მოქალაქის, გიორგი გოგოლაძის დაკავების შესახებ; ასევე, ლაშა გაბიტაშვილის დაკავების შესახებაც - რომელსაც 13 იანვარს ზარქუა და სანიკიძე თავს დაესხნენ.
რა არის ცნობილი?
აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 13 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს.
ადგილზე ასევე იყო „ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაული, რომელმაც ფიზიკური დაპირისპირებისას ასევე დაარტყა ხელი ლაშა გაბიტაშვილს. მათთან ერთად იმყოფებოდა რამდენიმე სხვა პირიც.
რადიო თავისუფლებამ გეოლოკაციის მეთოდის გამოყენებით დაადგინა, რომ მოქმედება ვითარდებოდა აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო „რედისონის“ რესტორანში. რესტორან La Terrazza-ში გვითხრეს, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციის გაცემა არ შეუძლიათ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ოფიციალურ საკანონმდებლო პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური კანონმდებლობა, კერძოდ, „დანაშაულთა და სასჯელთა განსაზღვრის შესახებ“ კანონის 394-ე მუხლი ითვალისწინებს „ერთ წლამდე პატიმრობას ან 10 000 დირჰამის (დაახლოებით 2722 აშშ დოლარის) ოდენობის ჯარიმას ადამიანისათვის, რომელმაც სხვა ადამიანს მიაყენა ფიზიკური ზიანი, რამაც ამ ადამიანის დაშავება გამოიწვია“.
ინციდენტის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის დაზუსტების თხოვნით რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა აბუ-დაბის პოლიციას - არის თუ არა ვინმე დაკავებული, დაიწყო თუ არა გამოძიება და ა.შ.. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
რა მოხდა აბუ-დაბიში
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, თეფშზე დადებულ საკვებს სახეში აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც.
საუზმის დროს სასტუმროს რესტორანი სავსეა. თავდასხმის დროს გვერდით მაგიდაზე, კადრში ჩანს ოჯახი 2 წლამდე ბავშვით.
ლაშა გაბიტაშვილის გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ის ურტყამს ირაკლი ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, გელა სამხარაული, გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.
შემდეგ გაბიტაშვილი და "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს აგინებენ.
კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ სანიკიძე გაბიტაშვილს ემუქრება და აგინებს: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.
„შენი მოღალატე დედას შ***ცი“, - ამბობს გაბიტაშვილი.
ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ფეხს ურტყამს, სამხარაული კი გაბიტაშვილს მხარსა და სახეში - მუშტს.
ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ 13 იანვარს, საღამოს ვიდეომიმართვა გაავრცელეს და თქვეს, რომ „ყოველთვის გაეცემათ პასუხი უსამშობლოებს“.
ზარქუამ და სანიკიძემ ეს ვიდეომიმართვა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელს ესაუბრება.