22 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორჯერ დაემუქრა პატიმრობით.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იგი ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება, სანამ პარლამენტი ლეგიტიმურად ჩამოყალიბდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. იგი არალეგიტიმურად მიიჩნევს ერთპარტიული საარჩევნო კოლეგიის მიერ მიხეილ ყაველაშვილის არჩევას და მის დაგეგმილ ინაუგურაციას 29 დეკემბერს. ამ განცხადებების საპასუხოდ კობახიძემ განაცხადა:
„სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გისოსებს გარეთ, მგონია, რომ მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“, – განაცხადა კობახიძემ. „გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ 29 დეკემბრამდე არ მოხდება, „დიფ სთეითი“ საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს, შესაბამისად ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა ვერ იქნება წარმოდგენილი“. მისივე თქმით, „თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რაც განვითარდა თავის დროზე მელიას დაკავების შემთხვევაში, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში, ესეც არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება, ასეთი სცენარის შემთხვევაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვა სცენარს ვვარაუდობ, მგონია, მას მაინც ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას“.
კობახიძემ ზურაბიშვილის პოტენციურ პატიმრობაზე სხვა კონტექსტშიც ისაუბრა. მისი თქმით, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, როგორც ამას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ითხოვს. აღნიშნა რა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა არჩევნების შედეგები, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის სარჩელზე, კობახიძემ განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი ამოწურულია. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მისი თქმით, მისი დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ნდობას დაკარგავს, თუმცა, „ეს მესამე საფუძველიც არ არის სახეზე“.
„აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილება, განცხადება იქნებოდა სრულიად კომიკური, თუმცა კომიკურთან ერთად ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს“, – განაცხადა კობახიძემ.
„მან [ზურაბიშვილმა], საბოლოო ჯამში, ითხოვა ერთი დღე, დღეს 21:00 საათამდე და კიდევ აქვს მოსაფიქრებელი დრო ამისათვის. ვნახოთ, ვინ გადაწონის, ვიღაც ჭკვიანი, თუ სალომე ზურაბიშვილი“, – დასძინა კობახიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური)