საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ვაკეში მდებარე ტაძართან - რომლის წინამძღვარიც დეკანოზი შალვა კეკელიაა - დღეს მომხდარი მოვლენები „თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევას“.
„ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკზე 13 დეკემბერს.
იგი აცხადებს, რომ „რამდენად სწორადაც არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს საკუთარი პოზიცია, ეთიკისაგან სრულიად დაცლილი მეთოდით მოქმედება სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას“.
რამდენიმე საათით ადრე თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე, - სადაც ერთ-ერთი საპროტესტო მსვლელობა იმართებოდა, - ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან, დეკანოზ შალვა კეკელიასა და დემონსტრანტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციას მარკეტინგის სფეროს სპეციალისტები მართავდნენ.
შელაპარაკება მოჰყვა დემონსტრანტების რეპლიკებს ტაძართან მდგარი მღვდლებისადმი და კითხვებს, თუ რატომ ხუჭავს თვალს ეკლესია პოლიციელების მხრიდან აქციებზე ძალადობაზე.
დეკანოზმა კეკელიამ თქვა, რომ იგი ძალადობას გმობს, მათ შორის, ქადაგებების დროსაც.
მან დასწყევლა „ყველა, ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა“.
„ეგ არის საშინელება. ადამიანის ცემაზე ცუდი დედამიწაზე არაფერი არ არის. ყველა ადამიანი, ვინც სხვაზე ხელს აღმართავს და ბავშვს გალახავს… ეს არის ღვთის გმობაა. ვთქვი ქადაგებაში და დავგმე კიდევაც“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ რატომ არ გააპროტესტა ბავშვების ცემა, თქვა:
„ვინ არ გააპროტესტა ბავშვების ცემა?! გავაპროტესტე! პირველმა მე ვთქვი… ნახეთ ჩემი ინტერვიუ! ქაშვეთში ვიყავი პარაკლისზე და ყოველდღე ვიხდი პარაკლისებს, ყოველ დღე, ყოველ ღამე ვლოცულობ და ერთი წუთი არ მძინებია ჩემი ქვეყნისთვის და ერისთვის. მღვდელი რომ დასჭირდებათ, ჩვენ ისევ გვეძახიან. რომ გარდაეცვლებათ შვილი, ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთან?! გაგვანადგურეთ მაშინ! ეს იყო კომუნისტების დროს, გვანადგურებდით მღვდლებს... აბა, მოდიხართ აქ და გვიყვირით! რატომ გვიყვირიხართ? ეკლესიას შეიძლება ასე მოექცეთ?!“ - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
13 დეკემბერსვე განცხადება გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
მისი განცხადებით, ქვეყანაში უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია დიალოგი, თუმცა არ აზუსტებს, ვის შორის უნდა შედგეს ის.
პატრიარქის თქმით, მდგომარეობის დაძაბვა საფრთხეს უქმნის „ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს“.