ტოსკანაში, ქალაქ კალენძანოში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 27 ადამიანი, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია – 2 ადამიანი წითელი კოდით პიზის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, ერთი კი – კარეჯის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. დანარჩენ დაშავებულებს სხვადასხვა სახის მსუბუქი ტრავმები მიადგათ, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა კლინიკა, ნაწილი კი გაწერის პროცესშია.
მედიის ცნობით, აფეთქება მოხდა ენერგეტიკული კომპანია Eni-ს კუთვნილ ობიექტზე, საცავში, სადაც სატვირთო ავტომობილები საწვავით იტვირთება.
ობიექტზე ხანძარი ჩააქრეს, თუმცა იტალიური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მომხდარის ადგილს არ მიუახლოვდნენ, ძლიერი დაკვამლიანების საფრთხის გამო ფანჯრები დახურონ და სახლებში დარჩნენ.
გარემოს დაცვის სააგენტოს ექსპერტები შემთხვევის ადგილზე გარემოსთვის მიყენებულ შესაძლო ზიანს იკვლევენ.
„მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ტოსკანა გააერთიანა“, – განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ეუჯენიო ჯანიმ.
🔵#Calenzano L’#esplosione di una #raffineria sarebbe avvenuta nell’area del sito ENI. Sul posto sono già operativi Vigili del Fuoco e Polizia; allertate tutte le strutture per i soccorsi. Il boato è stato avvertito anche in centri distanti.pic.twitter.com/9pMwNQUkuH
— Rai Radio1 (@Radio1Rai) December 9, 2024
Deposito #ENI di #Calenzano. 15 min. fa botto assurdo. speriamo non ci siano vittime.😑🫤 pic.twitter.com/YXZlkQhn1n
— Lorenzo Arcidiaco (@LArcidiaco) December 9, 2024
დაწყებულია გამოძიება – პრატოს პროკურორი ლუკა ტესკაროლი ახორციელებს შემოწმებას Eni-ს საწყობში, სადაც ტრაგედიის მეორე დღეს, 10 დეკემბერს, დილით ასევე მივიდა შინაგან საქმეთა მდივნის მოადგილე ემანუელ პრისკო.
კალენძანოში, Eni-ს საწყობში ტრაგიკული აფეთქების შემდეგ, სამშაბათს, 10 დეკემბერს ლივორნოში Eni-ს გადამამუშავებელი ქარხნის წინ ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცვაში მონაწილეობისთვის 500-მდე მუშა დილის 08:30 საათზე „ენის“ ქარხნის კარიბჭესთან შეიკრიბა.„განგაში, – ამბობენ პროფკავშირები – არის აქ მომუშავეთათვის და მათი ოჯახებისთვის, ეს არის ჩუმი ომი, რომელიც, როგორც ჩანს, არასდროს მთავრდება და ინტერესს ყოველთვის მხოლოდ ასეთი ტრაგედიების შემდეგ იწვევს. რისხვა – იმიტომ, რომ არ შეიძლება მოკვდე სამუშაოს შესრულებისას“.
ნანა ძნელაძე