2
სანქცირებულმა მოსამართლემ ლელა მილდენბერგერმა, სასტიკად ნაცემი აქტივისტი სამართალდამრღვევად ცნო და გიორგი ჩუტკერაშვილი ორი ათას ლარით დააჯარიმა.
დღეს ჩუტკერაშვილმა ნიღბიანი სპეცრაზმელები სასტიკ ძალადობასა და დუბინკით გაუპატიურებით მუქარაში ამხილა.
გზაში ერთ-ერთი პოლიციელი მხდის ბოტასს და თან მეუბნება, რა კარგი ბოტასი გაცვიაო, ასევე ქურთუკიც მოეწონათ, ქურთუკიც გამხადეს, ასევე ჩანთაც წაიღეს. შემდეგ შემაგდეს ფურგონში და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში დაახლოებით 20 კაცი მცემდა. დარტყმა მოდიოდა თავის და ზურგის არეში. იყო იარაღით მუქარა, მეუბნებოდნენ, რომ ტვინს გაგასხმევინებთო, მთხოვდნენ ჩემს ტელეფონს. შემდეგ ერთ-ერთმა თქვა, გაზის კაფსულას შემოგიგდებთ და სულს ამოგხდითო. შემდეგ მითხრეს, რომ მეორე ბოტასიც გამეხადა, გახდის პროცესში თან წიხლებს მირტყამდნენ. იყო ღვიძლის არეში დარტყმა, რამაც მომცა სპაზმები. წამებას ჰქონდა ადგილი, შემდეგ შემოაგდეს მეორე ადამიანი, იმასაც საერთოდ ჩაულეწეს კბილები, სახეში ურტყეს. შემდეგ შემოიყვანეს მესამე კაცი, რომელსაც დუბინკით ემუქრებოდნენ, აი ამ დუბინკით ღირსებას აგყრითო”, – განაცხადა ჩუტკერაშვილმა.
აქტივისტის წინააღმდეგ დღეს ჩვენება მისცა ორმა მოწმე პოლიციელმა. სამართალდამცველები ამტკიცებდნენ, რომ გიორგი ჩუტკერაშვილი იგინებოდა, ილანძღებოდა და მათ კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა.