კაია კალასი: სანქციებზე კვლავ უნდა ვიმუშაოთ

3 days ago 5

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა დაიწყო. ევროპელი ლიდერების თქმით, განსახილველი საკითხი იქნება საქართველოც. ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კი ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებაზე.

საქართველო ევროკავშირის პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში რჩება. ამჯერად ევროპული საბჭოს 19 დეკემბრის შეხვედრის ფარგლებში, სადაც თავს იყრიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა ილაპარაკა.

კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჟურნალისტებთან თქვა, რომ დღეს განიხილავენ, "კიდევ რისი გაკეთება შეიძლება საქართველოს მთავრობაზე ზეწოლისთვის, არ გამოიყენოს ძალადობა დემონსტრანტების მიმართ".

"ორშაბათს ვიმსჯელეთ სანქციებზე ["ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის] და შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ამაზე კვლავ უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა ესტონელმა პოლიტიკოსმა.

ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა შეჩერდება.

თუმცა ევროპელი ლიდერების ნაწილი არ მალავდა, რომ მათ უფრო მკაცრი ზომების მიღება სურდათ, კერძოდ კი პერსონალური სანქციების "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მიმართ.

გამოცემა Politico-ს ცნობით, მათ შორის კაია კალასიც იყო.

პერსონალური სანქციების დაწესებას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამ ეტაპზე, ამის წინააღმდეგია უნგრეთი და სლოვაკეთი.

სამშაბათს, 17 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ (უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა) დაბლოკა. მან მათ მადლობა გადაუხადა „ქართველი ხალხის ინტერესების ევროკავშირის საბჭოზე დაცვისთვის“.

მადლობის გადახდიდან რამდენიმე საათში, ირაკლი კობახიძის გავრცელებული განცხადება ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა.

მომდევნო დღეს ირაკლი კობახიძემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მადლობა „ძალიან სანდო და საიმედო ინფორმაციაზე“ დაყრდნობით გადაიხადა და დაამატა, რომ რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა პოზიცია "წნეხის" გამო შეცვალეს.

ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე სანქციების საკითხს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალიც გამოეხმაურა.

"ძალადობა დემონსტრანტების, არჩევნების მიმართ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს. ველით, რომ ამაზე ევროპასაც ძლიერი პოზიცია ექნება", - თქვა ესტონეთის მთავრობის მეთაურმა.

სანამ ევროკავშირის დონეზე კონსენსუსი მიუღწეველია, წევრი სახელმწიფოების ნაწილი დამოუკიდებლად მოქმედებს.

კავშირის წევრმა სამმა სახელმწიფომ - ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, 2 დეკემბერს სავიზო სანქციები დაუწესეს ბიძინა ივანიშვილსა და შსს-ს ათ მაღალჩინოსანს.

"ქართულმა ოცნებამ ქვეყნის უმრავლესობას არ უნდა წაართვას ევროპული ოცნება", - თქვა დღეს ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

15 დეკემბერს ლიეტუვამ და ესტონეთმა სია გააფართოვეს. ამჯერად სანქციები ირაკლი კობახიძესაც შეეხო.

გერმანული ჟურნალის, Der Spiegel-ის ინფორმაციით, მსგავსი ნაბიჯის გადადგმას ერთობლივად განიხილავენ გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთიც.

საქართველოსთან დაკავშირებით დღეს მოკლე კომენტარი გააკეთა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც:

"ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან მიისწრაფვის ევროპისკენ. ესაა დემოკრატიული ნება, რომელიც იქ არსებობს და ამიტომაც გავხსენით გზა საამისოდ. ახლოდან ვაკვირდებით იქაურობას. ევროპა, ევროკავშირი სახელმწიფოების ისეთი ერთობაა, რომელსაც აქვს ვალდებულება აქვს აღებული საერთო პრინციპებისადმი, როგორიც სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის ქონაა", - განაცხადა ბუნდესკანცლერმა.

მიმდინარე პროტესტის პარალელურად, საქართველო რამდენიმე დღეა, ევროკავშირის ყურადღების ცენტრშია.

17 დეკემბერს ევროპარლამენტში გაიმართა საქართველოს შესახებ დებატები, რომელზეც ევროპარლამენტარების ნაწილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა "ქართული ოცნების" ხელისუფლება და საქართველოში განვითარებული მოვლენების პასუხად, ევროკავშირის უწყებებს უფრო მკაცრი ზომების გატარება მოსთხოვა.

18 დეკემბერს კი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს მოუთხრო საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ და ევროკავშირს მოუწოდა, გააქტიურონ პროევროპული პროტესტის მხარდაჭერა.

22-ე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

სრულად წაკითხვა