კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერის, დუგლას ფორდის განცხადებით, აპირებენ, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტონ აშშ-ს, თუ დონალდ ტრამპი თავის მუქარას სისრულეში მოიყვანს და კანადურ საქონელზე 25%-იან ტარიფებს დააწესებს.
ელექტროენერგიის შეწყვეტა შეიძლება შეეხოს აშშ-ის მიჩიგანის, ნიუ-იორკისა და ვისკონსინის შტატებს.
„მე არ მინდა, რომ ეს მოხდეს. ჩემი მთავარი ამოცანაა, დავიცვა ონტარიო, პროვინციის მოსახლეობა და კანადელები”, – თქვა ფორდმა.
შეგახსენებთ, რომ ონტარიო კანადაში ყველაზე დიდი პროვინციაა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ.
„საპასუხოდ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს. ჩვენ არ შეგვიძლია უმოქმედობა და დანებება. ჩვენ, უბრალოდ, ქვეყანა არ ვიქნებით. განა სირცხვილი არ არის ასეთი რამ უახლოეს მეგობრებსა და მოკავშირეებს შორის?!“ – განაცხადა ფორდმა.
CBC-ს ცნობით, 2023 წელს ონტარიომ ელექტროენერგია დაახლოებით 1,5 მილიონ საოჯახო მეურნეობას მიაწოდა აშშ-ში.
მთლიანობაში კი, აშშ-ში ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 60% და ელექტროენერგიის იმპორტის დაახლოებით 85% კანადაზე მოდის.
სამშაბათს, 10 დეკემბერს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გამოაცხადა თავისი მზადყოფნა, გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი კანადურ საქონელზე 25%-იანი ტარიფის დაწესებას გადაწყვეტს.
მანამდე კი, გასული თვის ბოლოს ტრუდო სასწრაფოდ გაფრინდა ფლორიდაში ტრამპთან შესახვედრად აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ ტარიფების თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ. ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას ტრამპმა თქვა, რომ კანადას შეუძლია აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს, რაც კანადურმა მხარემ ხუმრობად აღიქვა, თუმცა ამ შეხვედრის შესახებ თავის სოციალურ ქსელში – Truth Social-ში კომენტირებისას ტრამპმა პროვოკაცია განაგრძო და ტრუდოს „კანადის შტატის“ გუბერნატორი უწოდა. მან პირობა დადო, რომ „გააგრძელებს [კანადურ მხარესთან] არსებითი ხასიათის მოლაპარაკებებს ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ოტავას წელიწადში 100 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სუბსიდიას აძლევს და თუ ამერიკა კანადას ასეთ თანხებს გადასცემს, მაშინ ის ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში უნდა შევიდეს.
ფლორიდაში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჯასტინ ტრუდომ ორი შეხვედრა გამართა ქვეყნის პროვინციების პრემიერ-მინისტრებთან იმის თაობაზე, თუ რა საპასუხო ზომებით შეუძლია უპასუხოს კანადამ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე 25%-იანი ბაჟის დაწესებას. ამასთან, ტრუდო დეკემბრის დასაწყისში ტრამპს შეჰპირდა, რომ კანადა საზღვარზე კონტროლს გაამკაცრებს უკანონო მიგრაციის შესაცერებლად.
ონტარიოს პრემიერის, დუგ ფორდის მუქარა კანადური ენერგომატარებლების აშშ-ში ექსპორტის შეჩერებასთან დაკავშირებით გაისმა ტრუდოს მთავრობასა და მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შორის ხელშეკრულების თაობაზე მრავალწლიანი მოლაპარაკებების ფონზე მიჩიგანის გენერალური პროკურორის, დანა ნესელის მცდელობების წინააღმდეგ, დაკეტოს კალგარიში ბაზირებული კომპანია Enbridge Inc.-ის მილსადენი Line 5, რომლის საშუალებით ხდება კანადური ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება მიჩიგანის ზემო და ქვემო ნახევარკუნძულების გავლით.
Line 5 მსუბუქ, ნაკლებგოგირდოვან ნედლ ნავთობს მიჩიგანისა და ოჰაიოს ქარხნებს აწვდის, თუმცა კვეთს მდინარე სენტ-კლერს და ნავთობის უმეტესი ნაწილი ონტარიოში, გადამამუშავებელ ქარხნებში ჩააქვს. კანადის საკუთრებაში არსებული მილსადენი მიჩიგანში ყოველდღიურად 540 000 ბარელ ნავთობს ატარებს 30-დიუმიანი(76,2 სმ) დიამეტრის მილით, კვეთს მაკინაკის სრუტეს 20-დიუმიანი(50,8 სმ) დიამეტრის ორი მილსადენით ტბის ფსკერზე. ნესელი და გარემოსდაცვითი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ მილსადენი ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს დიდი ტბებისთვის, თუ ის ოდესმე გასკდა.
„აშშ-სა და კანადას საერთო მაღალინტეგრირებული ენერგეტიკული სისტემა აქვთ, რომელიც მხარს უჭერს ორივე ქვეყნის ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს ქმნის საზღვრის ორივე მხარეს. არსებობს, აგრეთვე, უსაფრთხოების საერთო ინტერესები, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკას“, – განაცხადა „ენბრიჯის“ წარმომადგენელმა The Detroit News-სთან ოთხშაბათ საღამოს, 11 დეკემბერს.
„ამჟამად ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის 20%-ზე მეტი ენერგეტიკას, ხოლო 90%-ზე მეტი ნავთობს, ნავთობპროდუქტებსა და ბუნებრივ აირს უკავშირდება. კანადასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა საკვანძოა როგორც ენერგომომარაგების, ისე უსაფრთხოების მხრივ და აუცილებელია აშშ-ის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, აგრეთვე, ადამიანების საჭირო ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად“, – თქვა Enbridge Inc.’s-ის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ კომპანიაში მოუთმენლად ელიან ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა ამერიკელებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ენერგიის საიმედო წყაროების ხელმისაწვდომობა“.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც თავისი, როგორც ქვეყნის 47-ე პრეზიდენტის, უფლებამოსილების განხორციელებას 20 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება, ნოემბრის ბოლოს გააფრთხილა მოსაზღვრე ქვეყნები – კანადა და მექსიკა, რომ 25-პროცენტიან ტარიფს დააწესებს მათ საქონელზე, თუ ისინი არ შეაჩერებენ არალეგალურ იმიგრაციას და ნარკოტიკების კონტრაბანდას ამერიკის შეერთერბულ შტატებში.
ნინო ხოშტარია
დაკავშირებუოლ თემაზე: ტრამპის მუქარამ შედეგი უკვე გამოიღო: მექსიკაში ერთ დღეში 5200 მიგრანტი დააკავეს და რეკორდული რაოდენობის სინთეზური ნარკოტიკი ამოიღეს