ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
საბჭოთა კავშირში იყო პერიოდი, როდესაც მის შემადგენლობაში არა 15, არამედ 16 ე.წ. “მოკავშირე რესპუბლიკა” შედიოდა. XVI “რესპუბლიკა” უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე “კარელია-ფინეთის სსრ” იყო, სადაც ტიტულოვანი ერი ეთნიკურად ფინელებთან, მაგრამ რელიგიურად რუსებთან ახლოს მდგომი (ძირითადად მართლმადიდებელი) კარელები იყვნენ.
რუსეთის იმპერიამ და შემდეგში საბჭოთა კავშირმა არაერთხელ აყარა და გადაასახლა ადგილობრივი მოსახლეობა, დარჩენილები კი მკაცრ ასიმილაციას დაუქვემდებარა.
აყრილი ადგილობრივი მოსახლეობის ადგილას კი რუსები ჩაასახლეს. მოსკოვმა ხელოვნურად შეცვალა დემოგრაფიული სურათი.
1956 წელს ამ “მოკავშირე რესპუბლიკის” სტატუსი დასწიეს და რიგითი “ავტონომიური რესპუბლიკის” სახელით შეიყვანეს რსფსრ-ს შემადგენლობაში. როგორც მოსკოვს სჩვევია, ეს გაკეთდა ცინიკურად – თითქოს თავად კარელებმა მოითხოვეს სტატუსის დაწევა.
შემგომში ასიმილაციის პროცესი იმდენად შორს წავიდა, რომ XX საუკუნის მეორე ნახევარში კარელების ნაწილი უკვე რუსებად აღირიცხებოდნენ. დღეს მხოლოდ 7 % ეწერება კარელებად. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე ათწლეულში ეს ეთნიკური ჯგუფი საერთოდ გაქრება.
დღეს კარელიაში ისეთივე კორუფცია და განუკითხაობაა, როგორც დანარჩენ რუსეთში, მაშინ როცა მოსაზღვრე ფინეთი მსოფლიოს მოწინავე ქვეყანაა ეკონომიკაში, განათლებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში და ა.შ.
კარელია და ფინეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა განსახვავებაა ცივილიზებულ და არათავისუფალ საზოგადოებებსა და სახელმწიფოებს შორის.