კასპის “გრიფინმა” “ასტრალს” მეორედაც მოუგო და “ა” ლიგის საგზური დაათმობინა

1 day ago 9

საქართველოს საკალათბურთო რუკას ახალი ლოკაცია შეემატა – კასპი. შიდა ქართლის ეს პატარა ქალაქი ცემენტის წარმოებითაა ცნობილი, თუმცა საკალათბურთო გუნდის მშენებლობა ამის გამო არ მომხდარა. კასპში საკალათბურთო დარბაზი 6 წლის წინ აშენდა და პროფესიული გუნდის შექმნის იდეაც დღის წესრიგში აქტიურად მაშინ დადგა. რიგი მიზეზების გამო გუნდის შექმნა წლევანდლამდე ვერ მოხერხდა და ცნობილმა ფრაზამ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, გაამართლა. კასპის გუნდი შექმნის პირველივე წელს შევიდა "ა" ლიგაში და ქალაქის მუნიციპალიტეტის დაფინანსებასთან ერთად სახელმწიფო სუბსიდირებაც მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ გუნდი პროფესიულ ორგანიზაციად (კლუბად) ჩამოყალიბდა და 8 იანვარს "ა" ლიგაში პირველ მატჩსაც გამართავს.

სხვა საკითხია, რა გზით წავა კასპში კალათბურთის განვითარება, როგორ შედეგებს მიაღწევს გუნდი, შევლენ თუ არა კასპელები სუპერლიგაში, თუმცა პირველი ნაბიჯები შთამბეჭდავია – "გრიფინად" წოდებულმა გუნდმა საკვალიფიკაციო ტურნირის ოთხივე მატჩი მოიგო და “ა” ლიგის საგზური მოიპოვა. უფრო ზუსტად, კასპელებმა საგზური თბილისურ “ასტრალს” დაათმობინეს, რომსაც იგი 4 წლის განმავლობაში, 2021 წლიდან მოყოლებული ეპყრა. “გრიფინმა” ჯერ “მთიელს” მოუგო 2-მატჩიანი სერია 23 ქულით, ხოლო შემდეგ “ასტრალს” სულაც 53 ქულით აჯობა.

"გრიფინი" მითიური ქმნილების სახელწოდების გამო ჰქვია კასპის გუნდს. გრიფინს ლომის ტანი, ფრინველის (არწივის) თავი და ფრთები აქვს და ის სამთავისის ეკლესიის გარე ფასადზეა გამოსახული. რაკიღა გრიფინი უძლიერესი, ერთ-ერთი მითოლოგიური სუპერგმირია, კასპელებმაც ამიტომ აირჩეს მისი სახელი და ჯერჯერობით მის მნიშვნელობას ამართლებენ. ყველა მატჩი ისე მოიგო “გრიფინმა”, მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – რომ იტყვიან, იფრინა და “ა” ლიგის საგზურიც დამსახურებულად მიიღო.

გადამწყვეტი მატჩი "გრიფინმა" დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოიგო. თუმცა, 22 ქულითაც რომ წაეგო, საწადელს მაინც მიაღწევდა, რადგან სერიის პირველ მატჩში, 3 დღის წინ კასპში 23 ქულით იმარჯვა. კასპელებმა ამჯერად 31 ქულით – 112:81 (სტატისტიკა) მოიგეს, რაშიც სამმაგი წილი დაიდო ამერიკელმა მონტეს მატისმა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა – 29 ქულა, 15 მოხსნა, 13 პასი. მატისი ამერიკის სტუდენტური ლიგის საკმაოდ მაღალი დონის, Big East-ის კონფერენციიდანაა. სწორედ იქიდან, სადაც სანდრო მამუკელაშვილი და კამარ ბოლდვინი თამაშობდნენ.

მატისთან ერთად გამოსარჩევია გიორგი რუხაძე, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა. თუკი აქამდე სტატისტიკური ლიდერები ამერიკელები იყვნენ, მატისის შემდეგ საუკეთესო ხომ რუხაძე იყო, შემდეგ კი მერაბ მირზიაშვილი მოდის 14 ქულითა და 10 მოხსნით. 19 ქულა ელაია ბიუქენენმა მოაგროვა. ზებედი გრეჰემს კი საერთოდ არ უთამაშია.

ასე და ამგვარად, “ა” ლიგას (რუსთავი, სოხუმი-საქართველო, ვერა, თელავის ბურჯი) კასპის “გრიფინის” სახით მე-5 გუნდი შეემატა. მე-5 გუნდის ვინაობას ხვალ შევიტყობთ, რომელიც სტუდენტური ლიგის გამარჯვებული იქნება. ფინალური სერიის პირველი მატჩი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა სპორტუნის მოუგო. გამარჯვებული მეორე მატჩის შემდეგ გამოვლინდება და ის “ა” ლიგას ექვსამდე შეავსებს.

"ა" ლიგის რეგულარული ჩემპიონატი 2025 წლის 8 იანვარს დაიწყება.

gbf.ge

სრულად წაკითხვა