„კატეგორიულად  ვგმობთ ევროკავშირში გაწევრიანების  მოლაპარაკებების შეჩერებას“, - ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

3 weeks ago 17

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აცხადებენ, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება არის საქართველოს სამომავლო განვითარების იმპერატივი და ხალხის უზენაეს ნება, რომელიც „განსაზღვრულია ჩვენი წინაპრების ღვაწლით, ნათლადაა გამოხატული საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მკაფიოდაა გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში“.

ერთობლივ განცხადებას ისინი წერენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და გმობენ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით:

„აღშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ დღეებში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ უსასტიკეს ძალადობას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც მომიტინგეთა მხრიდან ვერანაირი ძალადობის საბაბი ვერ გაამართლებს და რომელიც სამარცხვინო ჩირქს სცხებს ქართულ საზოგადოებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერთა აზრით, საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება დღეს ვალდებულია იდგეს ქვეყნისა და მისი ახალგაზრდობის მომავლის სადარაჯოზე და სწორედ ამიტომ, ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებებ თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და მოუწოდებენ კოლეგებს, დადგნენ სიმართლის მხარეს.

ამ დროისთვის განცხადებას 215 ადამიანი აწერს ხელს.

მანამდე მსგავსი განცხადება გაავრცელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალმაც, რომლებიც კატეგორიულად ემიჯნებიან საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სამჯერ დაშალეს ძალის და სპეცსაშუალებების გამოყენებით და 150-ზე მეტი პირი დააკავეს. სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.

შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.

სრულად წაკითხვა