კეზერაშვილმა BBC-ს სასამართლო დავა მოუგო

1 week ago 7

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მან BBC-სთან სასამართლო დავა მოიგო და რომ ბრიტანულმა მაუწყებელმა მასთან დაკავშირებული ყველა მასალა, მათ შორის საგამოძიებო სიუჟეტები, სტატიები თუ სხვა მასალა, რომლითაც კეზერაშვილს უკანონო ფინანსურ საქმიანობებში ედებოდა ბრალი, თავისი ყველა პლატფორმიდან ამოიღო.

ფეისბუქის პოსტში კეზერაშვილმა განაცხადა, რომ ამით „დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. „ბიბისის“ ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რამაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით“. ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ „სასამართლოსთვის მომზადებული ყველა მასალა, აუდირებული ანგარიშები, თუ იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების მომზადებული ანგარიშები, ცალსახად და არაერთგვაროვნად, აჩვენებს რომ ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს შესაძლოა ვსარგებლობდე რაიმე ტიპის უკანონო შემოსავლით, სრული სიცრუეა“.

2023 წლის აპრილში ბრიტანულმა მაუწყებელმა დოკუმენტური ფილმი გაავრცელა, სადაც კეზერაშვილი ქოლცენტრების თაღლითურ სქემასთანაა დაკავშირებული. ფილმში ნათქვამია, რომ კეზერაშვილი თბილისში, პიქსელის შენობიდან მოქმედი უამრავი ქოლცენტრის დამფუძნებელია, რაც ფართომასშტაბიან ფინანსურ თაღლითობასთან მის კავშირზე მიუთითებს. თუმცა, კეზერაშვილმა უარყო ფილმში გამოთქმული ბრალდებები და მათ „ყალბი და პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.

კეზერაშვილმა საქართველოს ხელისუფლება მის წინააღმდეგ კამპანიის წამოწყებაში დაადანაშაულა, რაც მიზნად ისახავს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას. სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების ყველა მსგავსი კამპანია სასამართლოებმა ან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევად (2024 წლის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება) ან პოლიტიკურ დევნად შეაფასეს (საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები)“. კეზერაშვილმა მადლობა გადაუხადა თავის იურიდიულ გუნდს და დასძინა: „ბიბისი ანაზღაურებს ჩემს ყველა იურიდიულ ხარჯს სარჩელთან დაკავშირებით“.  

პარალელურად, 9 დეკემბერს რუსეთის FSB-მ საერთაშორისო ქოლცენტრის ქსელის გამოვლენის შესახებ გაავრცელა განცხადება. მისი თქმით, ეს ქსელი „კეზერაშვილის ინტერესებში მუშაობდა”. რუსეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ქსელი იყო საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ნაწილი, რომელიც ახორციელებდა მასობრივ თაღლითობას მოქალაქეების წინააღმდეგ მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და იაპონიაში.

„რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გამოავლინა ქოლცენტრების საერთაშორისო ქსელის უკანონო საქმიანობა, რომელიც მოქმედებდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და კომპანია Milton Group-ის დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის ინტერესებში. ამჟამად, იგი ლონდონში იმალება“, – ნათქვამია განცხადებაში.

FSB იუწყება, რომ თაღლითურმა ოპერაციამ დაახლოებით 100,000 ადამიანი დააზარალა  50 ქვეყნიდან, ხოლო შემოსავლები ყოველდღიურად მილიონ დოლარს აღწევდა. მისივე თქმით, დააკავეს ქსელის მთავარი ფიგურები, მათ შორის ისრაელისა და უკრაინის მოქალაქე კესელმან ია. დ.. FSB-მ აღნიშნა, რომ ამჟამად ძებნაშია ისრაელის და საქართველოს მოქალაქე თოდვა დ. სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსული ქოლცენტრების ოფისების 11 მენეჯერი და თანამშრომელი დააკავეს. ბრალდებები მოიცავს კრიმინალური საზოგადოების ჩამოყალიბებას, ფართომასშტაბიან თაღლითობას და ყალბი ტერორისტული საფრთხის შესახებ ცნობების გავრცელებას.

კეზერაშვილმა ადრე უარყო მისი კავშირი რუსეთის რომელიმე ბრალდებასთან და განაცხადა, რომ „„საქართველოს რუსული მთავრობა 12 წელია ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და განეიტრალებას. აღძრეს არაერთი საქმე საქართველოში. აწარმოეს გაშავების კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ. ახლა, როგორც ჩანს ,,უფროსი ძმაც” მოიხმეს დასახმარებლად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა