კვარას ევროპული თავგადასავალი - ახალი ეტაპი და დიდი სიამოვნება ქართველ გულშემატკივარს

19 hours ago 3

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარიერას "პარის სენ-ჟერმენში" გააგრძელებს.

ტრადიციულად, პარიზულმა გიგანტმა ფეხბურთელში ფული არც ამ შემთხვევაში დაიშურა და ქართველის სანაცვლოდ "ნაპოლის" 70 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა.

ორი წლის და თითქმის 6 თვის შემდეგ კვარამ "პარტენოპეი" დატოვა.

ამ დროის განმავლობაში ქართველმა "კალჩოს" (იტალიურ ფეხბურთს) ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა, განსაკუთრებით კი ნეაპოლურ მხარეს.

33 წლის შემდეგ ნანატრი ჩემპიონობა, სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ეს ყველაფერი პირველ სეზონში და კვარაცხელია მსოფლიომ გაიცნო.

"ნაპოლის" ფანების უმეტესობას ხვიჩასთან განშორება ძალიან გაუჭირდა, ის ფავორიტი ფეხბურთელი იყო.

გამორჩეული შეხება ბურთთან და ქუჩის ფეხბურთის ელემენტები დიდ მატჩებში, ეს ხომ ის არის, რაც ხალხს ყველაზე მეტად მოსწონს.

სახელი "კვარადონა" ხომ ყველაფერზე მეტყველებს. ქალაქმა, სადაც დიეგო არმანდო მარადონას აღმერთებენ, ეს მეტსახელი აიტაცა.

არგენტინელ ლეგენდასთან ყველაზე ახლოს სწორედ კვარაცხელია დააყენეს.

მეორე სეზონი ხვიჩასთვის მძიმე გამოდგა, ხანგრძლივი უგოლო სერია, თუმცა ის დაბრუნდა, როგორც გუნდის ლიდერი, და მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო ჩამოყალიბებული მოგვევლინა.

კვარას ნეაპოლურ კარიერაში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ვიქტორ ოსიმენი, რომელთან ერთადაც ბოლო წლების საუკეთესო დუეტი ჩამოაყალიბა.

მაგრამ გუნდმა ვერცერთი მათგანი ვერ დააფასა და ვერ შეინარჩუნა. იმედია მათ თამაშს ერთად კიდევ ვიხილავთ, ამაზე მედიაში ინფორმაცია უკვე გავრცელდა.

ქართველი ემშვიდობება ქალაქს, საიდანაც მან თავი და ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს გააცნო, სიმბოლურია, რომ ხვიჩა ღამის ნეაპოლში მარადონას მურალს ესტუმრა და წასვლის ეს ზღაპრული ადგილი მოინახულა, სადაც სხვათა შორის დღემდე შეხვდებით მის არაერთ ნახატს.

ახალი ეტაპი იწყება, "პსჟ" გუნდია, რომელსაც დიდი ხანია სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება, ეს ვერ გააკეთა ვერც იბრაჰიმოვიჩმა, ვერც მესიმ, ვერც ნეიმარმა, ვერც კავანიმ, ვერც მბაპემ და თუ ამას კვარა მოახერხებს რა მოხდება თავადაც მიხვდებით.

ახალი ეტაპი იწყება ქართველი ქომაგისთვისაც. ამიერიდან საქართველოში პარიზელების ქომაგთა რიცხვი ათასეულობით გაიზრდება.

ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ დებიუტს და ყველამ ერთად ვისიამოვნოთ ხვიჩა კვარაცხელიას ევროპული თავგადასავლით.

სრულად წაკითხვა