კვლავ ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 3 დეკემბერს, საპროტესტო აქციის დარბევისას დაშავებული 21 წლის ალექს თირქია, რომლის მდგომარეობასაც ექიმები სტაბლურად მძიმედ აფასებენ - ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რადიო თავისუფლებას ალექსის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა მიაწოდა. ალექსი ამ ეტაპისთვის "მედიკამენტოზურ ძილშია", თუმცა როგორც ბიძა ამბობს, ექიმები ფიქრობენ ეტაპობრივად მის გამოღვიძებას;
ალექი თირქიას აქციის დაშლისას წარბის არეში სავარაუდოდ ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.
ინგოროყვას კლინიკის ექიმ ნინო ხარაიშვილის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში შეყვანისას მიიღეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. ექიმმა 3 დეკემბერს, როცა ალექსი კლინიკაში სასწრადო დახმარების ეკიპაჟმა შეიყვანა, მედიას უთხრა, რომ თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე ამ დროისათვის შენარჩუნებულია. ექიმის თანახმად, თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევის გამო იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საოპერაციო ბლოკში და დაზიანებული ფრაგმენტები ამოკვეთეს.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
6 დეკემბრის მდგომარეობით საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 400-მდე ადამიანი, მათგან 80 სასტიკად ნაცემი მიიყვანეს კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით.