კვლავ უცნობია სირიის დამხობილი დიქტატორის - ბაშარ ასადის ადგილსამყოფელი

2 weeks ago 9

მეამბოხეების მიერ სირიის დედაქალაქის, დამასკის დაკავების შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ, Syrian Air-ის თვითმფრინავი, რომელშიც სავარაუდოდ, პრეზიდენტ ბაშარ ასადი იმყოფებოდა, ქალაქის აეროპორტიდან გაფრინდა. Flightradar-ის მონაცემებით, თავიდან თვითმფრინავი გაემართა სირიის სანაპირო რეგიონისკენ, სადაც ასადის მომხრე ალავითები არია გამაგრებული. შემდეგ თვითმფრინავი მკვეთრად შემობრუნდა და საპირისპირო მიმართულებით გაფრინდა. მალევე ის რადარებიდან გაქრა.

Reuters-ის სააგენტომ ვერ მოახერხა იმის დადგენა, თუ ვინ იყო თვითმფრინავში. ორი სირიული წყაროს განცხადება მოჰყავს სააგენტოს, რომ მაღალია იმის ალბათობა, რომ ასადი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რადგან გამოცანად რჩება, რატომ შემობრუნდა თვითმფრინავი ასე მკვეთრად და შემდეგ გაქრა რადარებიდან როგორც ეს Flightradar-ის მონაცემებიდან ჩანს.

იმ დროს, როცა სირიელები სიხარულს გამოხატავენ, ამ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ღაზი ალ-ჯალალიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა მოეწყოს თავისუფალი არჩევნები, რათა სირიელებმა ის აირჩიონ, ვინც მათ სურთ. სირიაში ბევრი ერთმანეთის მეტოქე ჯგუფია, ისლამისტებიდან დაწყებული აშშ-თან, რუსეთთან და თურქეთთან დაკავშირებული დაჯგუფებებით დამთავრებული. ჯალალიმ თქვა ასევე, რომ მას მეამბოხეთა მეთაურთან, აბუ მოჰამად ალ ჯოლანისთან კონტაქტი ჰქონდა, რათა გარდამავალი პერიოდი განეხილათ.

ალ-ჯოლანი აშშ-ში და სხვა ქვეყნებში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფების მეთაურია, ადრე ის ტერორისტული გაერთიანების ალ-ყაიდის წევრი იყო.

სირიაში მიმდინარე 13-წლიან ომში, თითქმის 500 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 300 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს. 100 ათასი სირიელი ოფიციალურად ითვლება "დაკარგულად", რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც ან მოკლეს ან დაიღუპნენ ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში. სირიის ომამდელი, 16,5 მილიონი მოსახლეობიდან 6,5 მილიონზე მეტი საზღვარგარეთ გაიქცა.

სრულად წაკითხვა