„კოალიცია ცვლილებებისთვის“: „ოცნება“ ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტს პროპაგანდისტული მიზნით იყენებს

3 days ago 2

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს საქართველოში ჩამოსული დასავლეთის ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრებს მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან.

„ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები რაიმე ფორმით ცნობენ “ქართული ოცნების” ლეგიტიმურობას, რისი მიზანიც საქართველოს მოსახლეობაში ივანიშვილის სახის შენარჩუნებაა.

სწორედ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით იყენებს “ქართული ოცნება” თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ბატონი ალენ ბერსეს, ვიზიტს. სახელმწიფოს მიტაცების ავტორებს სურთ ამ ვიზიტის გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოქალაქეები, თითქოს ვინმე ევროპაში აღიარებს მათ ლეგიტიმურობას.

მივმართავთ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს: ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისა და ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კონტექსტთან შესაბამისი დღის წესრიგის გარეშე განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტები ეხმარება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, საქართველოს მოქალაქეებში ხელახლა შექმნას მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბუნდოვანება და გაურკვევლობა მისი კრიმინალური გუნდის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

დარწმუნებულნი ვართ, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული უმძიმესი მდგომარეობის გაუმჯობესების, განსაკუთრებით პოლიტიკურ ტყვეებად ქცეული ჩვენი თანამოქალაქეების განთავისუფლების თვალსაზრისით“, — ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა