ბრიუსელში, 3 ნოემბერს Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე მიცემული ინტერვიუს დროს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უარყო ევროპული კრიტიკა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ევროკომისიის წარმომადგენლები „დებატებში“ მიიწვია და განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კურსის ერთგული რჩება.
Euronews-ის ბრიუსელის კორესპონდენტ მარია ტადეოსთან გამართულ, თითქმის 40-წუთიან ინტერვიუში კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ოღონდ „ღირსეულად“. მან გაამართლა „ქართული ოცნების“ სარჩელი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად, და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისი მზადაა ბრიუსელს „ესაუბროს“.
სამიტი, რომელიც მედიასაშუალების მიერ იყო ორგანიზებული, ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიშების (მათ შორის, საქართველოს შესახებ) გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებამ ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები შეკრიბა. მონაწილეებს შორის იყვნენ: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვასილე ტოფანი და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი.
ინტერვიუს დროს კობახიძემ არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ საქართველოსთან დაკავშირებული ევროპული შეფასებების, მათ შორის გაფართოების შესახებ 2025 წლის ანგარიშის სანდოობა და კიდევ ერთხელ გაიმეორა თბილისის მოწოდება ბრიუსელთან დიალოგის დაწყების თაობაზე.
„სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი, რაც ამ ანგარიშშია მოცემული, რეალობას არ შეესაბამება. ამაში სრულიად დარწმუნებულები ვართ. მოდით, გავმართოთ დებატები. მოდით, ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად საჯარო დებატები გავმართოთ ამ საკითხზე“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული „ექსპერტული“ შეფასებების თანახმად, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ხოლო ეკონომიკა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია.
მან ასევე დაადანაშაულა ევროკომისია იმაში, რომ ის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და გაწევრიანების პროცესს ქვეყანაზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად იყენებს. „ჩვენ დავინახეთ, რომ ევროკომისია კანდიდატის სტატუსის საკითხს პირველ ეტაპზე, ხოლო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხს მეორე ეტაპზე, საქართველოსა და ქართული საზოგადოების დასაშანტაჟებლად იყენებდა, რაც უსამართლო იყო“, – აღნიშნა კობახიძემ.
როდესაც მას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და მისი გაუქმების თაობაზე ევროპული ინსტიტუტების მოწოდებების შესახებ ჰკითხეს, კობახიძემ დაიცვა აღნიშნული კანონმდებლობა და განაცხადა, რომ ის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული. მან ასევე უარყო ვენეციის კომისიის კრიტიკა ამ კანონთან დაკავშირებით და მას „პოლიტიკური“ უწოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ მაინც რატომ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მაშინ როდესაც თბილისი ვენეციის კომისიას, ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებს „ევროპელ ბიუროკრატებად“ მოიხსენიებს, კობახიძემ უპასუხა: „იმიტომ, რომ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ ისინი შეიცვლებიან“.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ერთგული რჩება, თუმცა, დასძინა, რომ ქვეყნისგან არ უნდა ელოდნენ მისი სუვერენიტეტის დათმობას ან ევროპულ ინსტიტუტებთან „არათანასწორუფლებიანი“ ურთიერთობების დამყარებას.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ გვსურს გაწევრიანება ღირსეულად. საქართველო დაახლოებით 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და ჩვენ კარგად გვახსოვს ის დრო“, – განაცხადა მან და პარალელი გაავლო საბჭოთა პერიოდში მოსკოვთან არსებულ ურთიერთობასა და ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოვლენილ, მისი აზრით, მიუღებელ მიდგომას შორის. „დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს არ არის შესაფერისი მიდგომა. ჩვენ გვსურს, ევროპასთან ურთიერთობისას განსხვავებული მიდგომა არსებობდეს. და, კიდევ ერთხელ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ვითარება შეიცვლება და ეს მიდგომა შეიცვლება“, – დასძინა მან.
კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა, ევროპელ წარმომადგენლებთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს. „ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. თუ ვინმეს სურს, საქართველოს ქცევაში რაიმე შეცვალოს, მათ ჩვენ უნდა გვესაუბრონ. თუმცა, ამჟამად პრობლემა ისაა, რომ ისინი არ გვესაუბრებიან. ისინი არ არიან მზად, ჩვენთან სასაუბროდ“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველო გაწევრიანების პროცესის აღსადგენად, მან უპასუხა, რომ მხარეებმა ჯერ უნდა განიხილონ, თუ რა ცვლილებებია საჭირო ორივე მხრიდან. „წინაპირობებს შორისაა სუვერენიტეტი, ღირსება და დემოკრატია. წინაპირობაა კანონის უზენაესობა იმ პირობით, რომ ისინიც პატივს სცემენ ამ პრინციპებს“, – აღნიშნა მან.
როდესაც მას ჰკითხეს, რამდენად შეესაბამება საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს, კობახიძემ ეს პროცესი სამართლებრივ საკითხად შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების კონსტიტუციურობის შესაფასებლად მიმართა. „ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული პოლიტიკური პარტიების, ხუთი ოპოზიციური პარტიის, კონსტიტუციურობის შესაფასებლად. ეს სამართლებრივი დავაა“, – განაცხადა მან.
მან ევროპელი მაღალჩინოსნები საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევაში დაადანაშაულა, რადგან ისინი პროცესთან დაკავშირებით ისეთ კომენტარებს აკეთებენ, რომლებსაც, მისი აზრით, სამართლებრივი არგუმენტები არ ახლავს. „ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს ვთხოვთ, სამართლებრივი კომენტარები გააკეთონ, თუმცა ამას არავინ აკეთებს. ისინი მხოლოდ პოლიტიკურ კომენტარებს აკეთებენ. სწორედ ასე ერევიან ისინი საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ინტერვიუს დროს მარია ტადეომ კობახიძეს ასევე უთხრა, რომ არსებობენ სახელმწიფოს მეთაურები, რომელთაც „არ სურთ თქვენთან ერთად ფოტოზე ყოფნა“, რაზეც კობახიძემ უპასუხა: „მე ყველა მათგანთან გადავიღე ფოტო“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც სამიტზე მიწვეული მომხსენებელიც იყო, განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სომხეთისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენ შთაგვაგონა ევროკავშირის გადაწყვეტილებამ და საქართველოს მტკიცე სურვილმა, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. შესაბამისად, ჩვენთვის – სომხეთისთვის – საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ კუთხითაც, თუ როგორ აღიქვამენ მოქალაქეები ჩვენს ევროპულ პოლიტიკასა და ევროპულ პერსპექტივებს“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები