კობახიძე და კალაძე  უცხოელი აგენტების შესახებ კანონს აქებენ, სსო-ები შედეგებისთვის ემზადებიან

2 weeks ago 8

„ქართული ოცნების“ ორმა ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ, 5 დეკემბერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მათი უცხოელი დონორები საქართველოში საპროტესტო აქციების ორგანიზებასა და „რევოლუციის მოწყობის“ მცდელობაში დაადანაშაულა. მათ განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის „ძალადობის იარაღის“ ჩამორთმევას ისახავდა მიზნად.

კობახიძემ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაზეც ისაუბრა და მიმდინარე საპროტესტო აქციები საგარეო დაფინანსებას მიაწერა, რომლის მიზანიც „რადიკალიზმისა“ და „პოლარიზაციის“ გაღვივებაა. მან გაიმეორა ბრალდებები უცხოელი აქტორების მიმართ, რომლის თანახმადაც, მათ სურდათ „საქართველოში გაუმჭვირვალედ მოეწყოთ რევოლუცია“. მისი თქმით, „ლიბერალური ფაშიზმის“ უკან სწორედ უცხოური დაფინანსებაა.

კობახიძის თქმით, სწორედ ამ დესტრუქციული ზეწოლის აღმოფხვრა იყო უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შემოღების თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების მიზანი. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ყველა საჭირო ზომას მიიღებს ამგვარი ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური გარემოდან გასაქრობად. მან მშობლებს მოუწოდა, საკუთარი შვილები მოარიდონ „ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას“.

შემდეგ კობახიძემ „რადიკალური ოპოზიცია“ და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისში ქუჩის ძალადობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერები და „მდიდარი“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აწყობდნენ არეულობას და სავარაუდოდ ხელს უწყობდნენ თავდასხმებს პოლიციაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პარლამენტის შენობაზე.

მან ასევე გააკრიტიკა უცხოელი დიპლომატები, განსაკუთრებით აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები, „რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში“ მათი სავარაუდო ჩართულობის გამო. მან გამოხატა რწმენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ, „ეს ელჩებიც გათავისუფლდებიან და შესაბამისად, მათ ექნებათ საშუალება, იმოქმედონ მეგობრულად და სამართლიანად ჩვენი ქვეყნის მიმართ“.

ამავე თემაზე საუბრისას, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „დღეს უკვე ცხადი გახდა ყველასთვის, რომ აქციის ძალადობრივი მხარე იმართებოდა იმ ორგანიზაციებიდან და პარტიებიდან, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან უცხოეთიდან“. მისი თქმით, „როგორც კი მათ ხელიდან გამოეცალათ ძალადობის ინსტრუმენტები, აქცია მაშინვე გახდა მშვიდობიანი. შესაბამისად, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირებაც აღარ გახდა საჭირო“.

უცხოელი აგენტების შესახებ კანონს კალაძეც შეეხო და აღნიშნა, რომ „მიზანი [არასამთავრობოების და პარტიების] გახლდათ ისევ და ისევ ქაოსი, არეულობა, რევოლუციური მუხტის შექმნა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უცხოური ძალა აფინანსებდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას მოსყიდული აგენტურის ხელით“.

კანონი „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ან „რუსული კანონის“ სახელით მოიხსენიებენ, ძალაში 2024 წლის აგვისტოში შევიდა, სამართლებრივ პრობლემასთან დაკავშირებული შეფერხების შემდეგ. სსო-ების უმეტესობამ უარი თქვა მის აღსრულებაზე. ამ დროისთვის ნებაყოფლობით დარეგისტრირდა 382 ორგანიზაცია, ძირითადად სათემო სსო-ები და ზოგიერთი ჰუმანიტარული ჯგუფი, ასევე ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი ბევრი ორგანიზაცია. „საქსტატის“ ინფორმციით, საქართველოში 32 ათასზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, მათგან დაახლოებით 3900 „აქტიურია“. ხელისუფლებას სსო-ებისთვის სანქციები ჯერ არ დაუწესებია. თუმცა, მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები ამ კუთხით გარდაუვალ ცვლილებაზე მიანიშნებს.

საპარლამენტო არჩევნებამდე, ანტიკორუფციული ბიურო შეეცადა სსო-ების მიერ არჩევნებზე დაკვირვებისთვის ხელი შეეშალა. ბიუროს გადაწყვეტილებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ცნობილ იქნა „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ და მათ ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაევალათ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და საზოგადოებრივმა მოძრაობამ „აირჩიე ევროპა“, რომლებიც უშუალო სამიზნეები გახდნენ, განაცხადეს, რომ ისინი არჩევნებს ვეღარ დააკვირდებოდნენ. საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა