კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას – გისოსებს მიღმა, თუ გარეთ

10 hours ago 3

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაპატიმრებით ემუქრება. მან განაცხადა, რომ ზურაბიშივლის მიერ ხელახალი არჩევნების დანიშვნა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში დარჩენაც.

“ერთი კვირაც აღარ აქვს სალომე ზურაბიშვილს საკუთარ თანამდებობაზე. ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. მართალია ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს იმას, რომ 29 დეკემბრამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ 29 დეკემბრამდე არ მოხდება.

Deep state საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ვერ გაიმარჯვებს. შესაბამისად, ვერავითარი გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ვერ იქნება, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი. 29-ში მას მოუწოდებს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ სად გააგრძელებს ის ცხოვრებას – გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. მე მგონია, რომ მას ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინ, 21 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა ჰქონდა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ხელახალი არჩევნების დანიშვნის განსახილველად. კობახიძემ თქვა, რომ ამის შესახებ მათ ვიღაცები ეუბნებიან, თუმცა ინფორმაციის წყარო არ დაუსახლებია.

მისი თქმით, თუ 29 დეკემბრის – “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის – შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი “გამაგრდება პრეზიდენტის რეზიდენციაში”, ის საფრთხეს შეუქმნის როგორც საკუთარ, ისე სხვების თავისუფლებას.

“72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით, ასეთი სცენარის შემთხვევაში, ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება პრეზიდენტის რეზიდენციაში”, – ამბობს კობახიძე.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა