კობახიძე იმედში სპეცრაზმის შესვლას ადარებს საზმაუსგან ღია ეთერის მოთხოვნას საზოგადოების მხრიდან

2 weeks ago 13

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე პროევროპულ გამოსვლებს შეეხო და ასევე ილაპარაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მოთხოვნაზე, ასახოს საზოგადოების ინტერესები და მიუკერძოებლად მოჰყვეს მიმდინარე ამბების შესახებ. კობახიძის შეფასებით, სრულად საქართველოს გადასახადის გადამხდელებისგან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ღია ეთერის მოთხოვნა, რასაც ადგილი ჰქონდა 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს, არის "ბოლშევიკების ხელწერა", "განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დევნა" და თვისობრივად იგივე მოვლენა, რაც იყო 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმის შესვლა იმხანად ოპოზიციურად განწყობილ ტელეკომპანია იმედში.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან არსებული პრეტენზიები კობახიძემ ისე წარმოაჩინა, როგორც ტელეკომპანია ფორმულას რამდენიმე თანამშრომლის ახირება - მას არც ის უთქვამს რომ ფორმულას მოქმედი თანამშრომლების ნაწილი, ვინც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ღია ეთერს ითხოვდა, საზოგადოებრივი ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელია.

"თქვენ გაიხსენეთ ალბათ მათი ხელწერა, როცა კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტები შეიჭრნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. მათ გაიმეორეს მინი ფორმებში ის რაც გააკეთეს თავის დროზე 7 ნოემბერს, როდესაც ძალის გამოყენებით შეიჭრნენ ტელეკომპანია იმედში. ზუსტად იმის მცირე ანალოგია იყო - უბრალოდ მათ აღარ აქვთ საშუალება გააკეთონ იგივე, რაც გააკეთეს თავის დროზე. მადლობა ღმერთს, ისინი ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში " - თქვა კობახიძემ და იქვე დაამატა, რომ ხელისუფლებამ ბოლო 4 წელიწადში აღკვეთა "რევოლუციის მოწყობის სამი მცდელობა უცხოური დაფინანსებით."

კობახიძის ნარატივის იდენტურია თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია - 1 ნოემბერს ღია ეთერზე უარის მიზეზებზე საუბრისას ისინი ასევე შეეცადნენ საზოგადოებისთვის მათით უკმაყოფილება წარმოეჩინათ ისე, როგორც სხვა სატელევიზიო არხის რამდენიმე თანამშრომლის მოთხოვნა.

„მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებულ არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება“, -ეს არის ფრაგმენტი 1 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული განცხადებიდან.

მეხუთე დღეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

დემონსტრანტები საზოგადოებრივ მაუწყებელს ამბების მიკერძოებულად გაშუქებაში ადანაშაულებენ, რის პასუხადაც პირველი არხი ამბობს, რომ აქციები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

სრულად წაკითხვა