კობახიძე: საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა

2 weeks ago 10

„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი აჩვენებს ქვეყანაში „წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემის” არსებობას.

„კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას და რაც განათლებასთან არის დაკავშირებული, აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე PISA-ს ტესტებიდან. საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ, მაგალითად კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს, ან პედაგოგებს სკოლებში, ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა”, - თქვა კობახიძემ 2 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას.

მან დისკუსია შესთავაზა ყველას, „ვისაც გაუჭირდა წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება”. ამასთან, კობახიძის განცხადებით, დისკუსიის იმედი ნაკლებად აქვს, რადგან რამდენიმე თვის წინ, როცა საზოგადოების წარმომადგენლებს შესთავაზეს დისკუსია გამჭვირვალობის კანონის შესახებ, „ამოქმედდა ლიბერალური ფაშიზმი და ყველას აუკრძალეს მოსვლა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად” და ასე იქნება ახლაც.

დღეს პროტესტს გამოხატავს ადამიანების ის ნაწილიც, რომლებიც არიან გულწრფელები. არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ძალადობრივ დაჯგუფებებზე. არიან გულწრფელი ადამიანები და სწორედ მათთვის არის ჩვენი შეთავაზება ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა პირველ რიგში ამისათვის საჭიროა ჯანსაღი დისკუსია და არა ლიბერალური ფაშიზმი და არა ძალადობა, რასაც ვერავითარი წარმატება ვერ ექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ შსს-ს სპეცრაზმელებმა დემონსტრანტების დასაშლელად არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი. აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციას ფიზიკურად უპირისპირდება. პასუხად, სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებიან მშვიდობიან დემონსტრანტებსაც. პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

სრულად წაკითხვა