გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა მას ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ედავება, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანს ისტორიული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა.
სისხლისსამართლებრივ დევნას წინ უსწრებდა ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებული წინააღმდეგობა. ღარიბაშვილმა, სხვა საკითხებთან ერთად, ეჭვქვეშ დააყენა პოლიტიკური კომენტატორის ლაზარე ჯორბენაძის სავარაუდო თვითმკვლელობის გარემოებები. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჯორბენაძემ „ასავალ-დასავალში“კობახიძის მიმართ მსგავსი ბრალდებები გააჟღერა.
პროკურატურამ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩუბინიძეს „ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.
უწყების განცხადებით, 2026 წლის თებერვლიდან ჩუბინიძე „სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“.
პროკურატურამ ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებით „უტყუარად“ დადასტურდა, რომ „სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას, ხოლო საზღვრის განსაზღვრის და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება ექსკლუზიურად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას“.
უწყების თქმით, სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, „ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას“.
პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში „რეალური აღქმის“ შესაქმნელად, ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის – ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, „არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით“.
„აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
This post is also available in:
civil ახალი ამბები