კობა ხაბაზს ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიცია "ცვლილებისთვის" ოფისში

2 weeks ago 6

თბილისში ბესიკის ქუჩაზე მდებარე ოფისში კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს კობა ხაბაზს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას დაზიანებები აქვს თავზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, როგორც კოალიციაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან ნაცემია კიდე ორი ადამიანი, კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი.

შემთხვევა 7 დეკემბერს საღამოს 10 საათისთვის მოხდა. კოალიციის ოფისში შავებში ჩაცმული რამდენიმე ათეული ადამიანი შეცვივდა. ეს ჩანს ოფისის სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ კადრებშიც.

კობა ხაბაზი ჰყვება, რომ ლიფტიდან გამოსულს დაესხნენ თავს.

"იქვე კიბეა ოფისში ჩასასვლელი და როდესაც ჩავდიოდი, უეცრად ამოვარდნენ. 50-მდე ადამიანი იყო. დაიწყეს გინება, ცემა. თავში ჩამარტყეს რაღაც და დავეცი, შემდეგ წიხლებს მირტყამდნენ. აშკარად მიცნეს და დამესივნენ. დავალება იყო, რომ ვინმე ცნობადი სახე ეცემათ. რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული",

ხაბაძის თქმით, მას ჩამტვრეული აქვს კბილები და გატეხილი აქვს თავი.

კოალიციას "ცვლილებისთვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის მირანდა ბაღათურიას თანახმად თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ სხვადასხვა საგნებით, ასევე ელექტროშოკებით.

ოფისში მათ შევარდნამდე, ბაღათურიას თქმით, ადგილზე პატრულირებდა პოლიციის ორი ეკიპაჟი, რომლებმაც შემთხვევის ადგილი დატოვეს მას შემდეგ რაც თავდამსხმელებმა ტერიტორია დატოვეს.

კობა ხაბაზს შემთხვევიდან დაახლოებით 2 საათში მიაკითხა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ.

იქვე ბესიკის ქუჩაზე, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს უცნობი პირები და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სრულად წაკითხვა