კოლეგების მიწვევით თბილისში ვიყავი - რუსეთის „სამართალდამცავთა პროფკავშირების“ ხელმძღვანელი ლობარევი

6 days ago 6

პროევროპული დემონსტრაციების პარალელურად, თბილისში იმყოფებოდა რუსეთის „სამართალდამცავთა პროფკავშირების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ალექსეი ლობარევი - ის „ფეისბუკსა“ და „ვკონტაქტეში“ თბილისიდან ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში „კოლეგების მიწვევით“, „სამუშაო ვიზიტით“ იმყოფებოდა.

იგი თბილისში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში, - თუმცა ზუსტად რა დროით, უცნობია.

გამოქვეყნებულ ფოტოებში, სადაც ის თავად ჩანს, იმყოფება რუსთაველის გამზირზე მასობრივი დემონსტრაციისას; ასევე, აქვეყნებს მარჯანიშვილის გამზირზე პოლიციელებთან და პოლიციის შენობასთან გადაღებულ ფოტოებს.

„ქართველების უმეტესობა საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი“, - ასე აღწერს ის თავის დაკვირვებას თბილისიდან.

ლობარევი ასევე წერს, რომ მისი დაკვირვებით, ქვეყანაში რუსეთისადმი დამოკიდებულება საგრძნობლად გაუმჯობესდა:

„რუსეთისადმი დამოკიდებულება საქართველოში ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად შეიცვალა პოზიტიური მიმართულებით. ქუჩებში, ბაზრობებზე, მაღაზიებსა და კაფეებში თავისუფლად ვლაპარაკობდი რუსულად, ყველას ესმოდა ჩემი და ყველა რუსულად მპასუხობდა“.

იგი წერს, რომ ქართველმა პოლიციელებმა „ექსტრემალურ ვითარებაში ღირსეულად წარმოაჩინეს თავი“, საუბრობს მათ რიგებში დაშავებულებზე და „ბოევიკების ორგანიზებულ ჯგუფებს“ უწოდებს დემონსტრანტებს.

ლობარევი წლებია, ჩნდება რუსულ მედიაში, როგორც პროფკავშირების ასოციაციის თავმჯდომარე. აძლევს ინტერვიუს სხვადასხვა გამოცემას თუ ტელევიზიას, მათ შორის lenta.ru-ს - პოლიციის რიგებში დეფიციტზე 2023 წელს.

როგორც ლობარევის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ის პირველად არა ნამყოფი საქართველოში, მის გვერდზე იძებნება 2019 წელს გამოქვეყნებული, საპატრულო ეკიპაჟთან ერთად გადაღებული ფოტო.

რადიო თავისუფლებამ ლობარევს ფეისბუკის მეშვეობითაც მისწერა, კონკრეტულად ვისი მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში და რა მიზნით.

ამასთან რადიო თავისუფლებას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში უპასუხეს, რომ წლებია რუსეთთან არავითარი ურთიერთობა არ აქვთ და შესაბამისად, მათ არაფერი აკავშირებთ ლობარევის საქართველოში ყოფნასთან. მათივე ინფორმაციით, საქართველოში არაა რეგისტრირებული არც მოქმედი და არც ყოფილი სამართალდამცველების პროფკავშირული გაერთიანება.

სრულად წაკითხვა