კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა გზა გადაკეტეს - სწავლა შეწყვეტილია რამდენიმე სხვა სკოლაშიც

2 weeks ago 19

თბილისში, კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერად სკოლასთან გზა გადაკეტა; ამ სკოლის მასწავლებლებმა წინა დღეებში თქვეს რომ ამ ეტაპზე მათი მოსწავლეების უკეთესი მომავლისთვის უფრო მნიშვნელოვანია აქციებზე ქვეყნის დაცვა, ვიდრე გაკვეთილების ჩატარება;

კომაროვის სკოლის გარდა დღეს სასწავლო პროცესი შეწყვეტილია რამდენიმე კერძო სკოლაში: ნიუტონში, მწვანე სკოლაში, ბაქსვუდში - სკოლების ნაწილში ნებაყოფლობითია სასწავლო პროცესში მონაწილეობა;

გაფიცულია რამდენიმე საჯარო სკოლაც.

ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის რამდენიმე კლასის მოსწავლეები დილიდან გაკვეთილებზე არ შევიდნენ. მოზარდები სკოლის მიმდებარედ დედა ენის ძეგლთან შეიკრიბნენ და მასწავლებლებს მოუწოდეს შეუერთდნენ, რათა ერთად გააპროტესტონ თბილისში აქციების დარბევა და საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება.

გაფიცულია თბილისის 52-ე საჯარო სკოლაც.

გარდა სკოლებისა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში - სწავლის პროცესის შეწყვეტას ითხოვენ ქუთაისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები;

გაფიცვას აწყობენ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

სრულად წაკითხვა