კანონპროექტის მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ერთმანეთისგან დამოუკიდებელ უწყებად 2025 წლის 1 იანვრიდან ჩამოყალიბდება.
კულტურისა და სპორტის სამინისტროების ერთმანეთისგან გამიჯვნა „ქართული ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა. ეს ინფორმაცია საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე 2024 წლის 18 ოქტომბერს მიაწოდა, როცა დაასახელა კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი - თინათინ რუხაძე. მაშინ მის პირველ მოადგილედ დაინიშნა შალვა გოგოლაძე. როგორც მაშინ ითქვა, სწორედ შალვა გოგოლაძე იქნება სპორტის მინისტრი.
მე-11 მოწვევის პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა. ოთხივე ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა, არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს. იმავეს ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.
კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს 2021 წლის მარტში გამოეყო. 3,5 წელზე მეტი გავიდა, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე არ აქვს ვებსაიტი.
საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2013 წლის 26 აგვისტოს მიიღო დადგენილება, რომელიც ყველა სამინისტროს ავალდებულებს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას „საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე“.