ლავროვი: "ტერორისტულმა დაჯგუფებამ" არ შეიძლება მართოს სირია

2 weeks ago 7

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ სირია ჩავარდეს "ტერორისტული დაჯგუფების" ხელში.

ამის ფონზე სირიელი მეამბოხეები - ისლამისტების, დაჯგუფება, რომელსაც "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი" (აღიარებულია ტერორისტულ ჯგუფად შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში) უძღვება და რომლის ზოგიერთი ნაწილი პროთურქულადაა მიჩნეული, უახლოვდებიან ჰომსს, რაც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მმართველობას საფრთხეს უქმნის.

ლავროვი სიტყვით გამოვიდა კატარში, ასადის მოკავშირე ირანთან და სირიის ოპოზიციის მომხრე თურქეთთან მოლაპარაკებების შემდეგ. შეხვედრის მიზანი იყო სირიაში ქაოსის თავიდან აცილება ბოლო დღეებში მეამბოხეთა ელვისებური წინსვლის შემდეგ.

"დაუშვებელია ტერორისტულ დაჯგუფებას ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების საშუალება მიეცეს შეთანხმებების დარღვევით", - განაცხადა ლავროვმა და იგულისხმა გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის რეზოლუცია, რომელიც, მისი თქმით, "მტკიცედ ადასტურებს სირიის არაბული რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობა და ერთიანობას".

ლავროვი გულისხმობდა "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის," რომელიც მეამბოხეებს მეთაურობს და რომელიც ალ-ყაიდას სირიულ განშტოებაში აქვს ფესვები.

ლავროვი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, შეხვდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს დოჰას ყოველწლიური პოლიტიკური დიალოგის ფორუმის ფარგლებში. არაღჩიმ განაცხადა, რომ სამივე შეთანხმდა "სირიის მთავრობასა და ლეგიტიმურ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის პოლიტიკური დიალოგის" დაწყების აუცილებლობაზე. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრა "კონსტრუქციული" იყო, და რომ შეთანხმდნენ, გაგრძელდეს მოლაპარაკება "ასტანის ფორმატში" მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა იმედი გამოთქვა, რომ მეზობელ სირიაში "მშვიდობა დაიმკვიდრებს".

დოჰაში იმავე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა სირიაში, გაირ პედერსენმა მოუწოდა ყველას სიმშვიდისკენ და "გადაუდებელი პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყებისკენ ჟენევაში უშიშროების საბჭოს [2015 წლის] 2254 რეზოლუციის პირობების შესასრულებლად", რომელშიც ჩამოყალიბებულია მოლაპარაკებებით მოგვარების საგზაო რუკა.

7 დეკემბერს სირიაში მეამბოხეებმა გამოაცხადეს, რომ დაიკავეს სამხრეთის ქალაქი დარაა, სადაც 2011 წელს ასადის საწინააღმდეგო ამბოხება დაიწყო. დამასკი ამ ქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. ასადის ადგილსამყოფელი დაზუსტებით არაა ცნობილი. მეამბოხეებმა ბოლო ხანებში მნიშვნელოვანი ქალაქები დაიკავეს.

სრულად წაკითხვა