04.08.2026
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს უშგულის ლამარიას ტაძარი ადგილობრივმა მღვდელმთავარმა ჩაკეტა და მომლოცველებსა თუ ვიზიტორებს ტაძარში შესვლის შესაძლებლობა აღარ აქვთ.
ეპარქია ამბობს, რომ მონასტრიდან მონაზვნები მას შემდეგ წავიდნენ, რაც „მონასტერში მივიდა დაახლოებით 12–15-კაციანი ჯგუფი და სასულიერო პირებისა და მონაზვნების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, მუქარასა და აგრესიულ დამოკიდებულებას“.
„სასულიერო პირების მისამართით ითქვა, თითქოს „თქვენი მოსვლის შემდეგ სოფელში მდგომარეობა გაუარესდა და სიკვდილიანობამ იმატა“, ასევე, რომ „მონაზვნები აქაურობას ბილწავენ“, „ეს ყველაფერი უნდა დაინგრეს და მოიშალოს“, და რომ „უშგულში შვიდი თავადი ჰყავთ მოკლული და თავზე არავის დასმას არ აპირებენ“.- ეს ნიშნავს იმას რომ მონაზვნები მონასტრიდან გამოაძევეს“, – წერია განცხადებაში.
ეპარქია აღნიშნავს, რომ მონასტრის დატოვებისას ტაძრის გასაღები ადგილობრივებს ჩააბარეს. რაც შეეხება მონასტერში რეგულარული საღვთო მსახურების აღდგენას, განცხადებაში წერია:
„განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოფელში გაიმართა მოსახლეობის შეკრება, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოყალიბდა და გამოიკვეთა განსხვავებული მოსაზრებები.
უშგულის ლამარიის მონასტერში სამონასტრო ცხოვრება და რეგულარული საღვთო მსახურება აღდგება იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მოსახლეობის ნება ამის შესახებ წერილობით იქნება დაფიქსირებული და მას თან ერთვება შესაბამისი ხელმოწერები. ეს აუცილებელია, რათა ნათლად და გამჭვირვალედ დადასტურდეს მოსახლეობის საერთო პოზიცია და საკითხი გადაწყდეს მშვიდობის და ურთიერთპატივისცემის დაცვით“.
13 ივლისს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ მათი გაფრთხილების საფუძველზე, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების უნებართვო მშენებლობა შეჩერებულია.
სააგენტომ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც გამოცემა Chai Khana-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ლამარიასთან სატრაპეზოს უნებართვოდ აშენებდა.
ლამარია და მთელი ზემო სვანეთის რეგიონი იუნესკოს სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობაა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, საკითხის შესწავლის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.

3 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·