ლატვიაში გაფრინდა საპროტესტო აქციაზე დაკავებული ბელორუსის მოქალაქე

2 weeks ago 15

„ლიტვაში გაფრინდა ბელორუსის მოქალაქე ევგენი მურავიცკი, რომელიც თბილისში საპროტესტო აქციაზე დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს“, - ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო Belsat-ი უფლებადამცველ, რომან კისლიაკზე დაყრდნობით.

კისლიაკმა მადლობა გადაუხადა ბელორუს უფლებადამცველებს, ბელორუსის დემოკრატიულ ძალებსა და სოლიდარობის ფონდებს, რომელთა წყალობითაც ახალგაზრდამ რეკორდულ დროში მოახერხა ვიზის აღება.

30 ნოემბერს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 10 უცხოელს შორის იყო 25 წლის ევგენი მურავიცკი, რომელმაც, შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს შს სამინისტროს სპეცრაზმის წარმომადგენელს.

როგორ გამოცემა „პოზირკი“ იუწყება, ევგენი მურავიცკიმ ორი დღე ქალაქ სიღნაღის იზოლატორში გაატარა, ხოლო გათავისუფლების შემდეგ მიგრაციის სამსახურში დაიბარეს. 3 დეკემბერს მურავიცკიმ თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება დაწერა.

როგორც უფლებადამცველი რომან კისლიაკი ამბობს, პოლიტიკური თავშესაფრის საბუთების წარდგენის წინა დღეს, მურავიცკის საცხოვრებელ მისამართზე საქართველოს „ძალოვანი უწყების“ ოთხმა თანამშრომელმა მიაკითხა.

„იყო რისკი, რომ მას დაიჭერდნენ, საზღვართან მიიყვანდნენ და რუსეთში გაგზავნიდნენ “, - განაცხადა ბელორუსმა უფლებადამცველმა.

საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომასა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და უარი თქვან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე 2028 წლის ბოლომდე.

რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე გამართული პროევროპული აქციებიდან 9 დღის თავზე, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით 386 პირია დაკავებული.

სრულად წაკითხვა