ლევან ბერძენიშვილი: „უნდა ილოცოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ რუმინეთის დიქტატორ ჩაუშესკუსავით არ დაასრულოს მოღვაწეობა“

1 week ago 10

ირინა მაკარიძე

მეორე კვირაა, ქვეყანაში მმართველ ძალასა და მოქალაქეებს შორის უპრეცედენტო დაპირისპირება გრძელდება. ხელისუფლება, რომელმაც საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა, ყოველ ღამით სასტიკი მეთოდებით არბევს ადამიანებს, სცემს, იჭერს, წამლავს, წიწაკის სპრეით გაჯერებული წყლის ჭავლით შლის, დევნის მათ… მიუხედავად ამისა, ხალხი ისევ მოდის, ქალაქის ქუჩებში დგება და რეჟიმს აპროტესტებს. ამ უჩვეულო ვითარებასა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პროფესორი ლევან ბერძენიშვილი:

_ საქართველოში ახლა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მომენტია. ამ 30 წლის მანძილზე პირველად დადგა ასე მწვავედ საქართველოს ორიენტაციის საკითხი _ ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ხელისუფლებამ გაბედა და აპირებს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის შეცვლას. ეს ვერავითარ შემთხვევაში კეთილად ვერ დამთავრდება. ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებას 4 წლით, თითქოს 4 წლის შემდეგ გარანტირებულად აქ იქნებიან და მერე კიდევ რამეს გადაწყვეტენ. ქართველმა ხალხმა ამას უპასუხა _ ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა. ტყუილად ცდილობს ხელისუფლება ამ ბრძოლის ოპოზიციისთვის დაბრალებას. ისინი არ ებრძვიან ოპოზიციას. თვითონ ხატავენ სურათს, თითქოს ებრძვიან „კოლექტიურ ნაცებს“. არა, ისინი ებრძვიან ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ნათლად წერია, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. მოკლედ, დღევანდელი ხელისუფლება არის არალეგიტიმური, იმიტომ რომ არჩევნები მოიპარა. მეორე _ ლეგიტიმურიც რომ ყოფილიყო, არალეგიტიმური გახდებოდა საკონსტიტუციო გადატრიალების გამო, ვინაიდან კონსტიტუციაში ნათლად წერია, საით უნდა წავიდეს საქართველო. ბიძინა ივანიშვილი საით წაიყვანს კი არა, არამედ წერია _ ევროპა, ევროინტეგრაცია და ვინც ამას დააშორებს, ის დაარღვევს კონსტიტუციას.

_ თუმცა გვამადლიან, რომ თვითონ ჩაწერეს ეს კონსტიტუციაში… (ცნობისთვის: 2017 წელს).

_ მათ არ ჩაუწერიათ, ეს ჩვენ ჩავწერეთ, იქ ვიყავი და კარგად ვიცი ეს. უსუფაშვილის დროს დაისვა ეს საკითხი. ისინი ამას არავითარ შემთხვევაში არ ჩაწერდნენ, ბიძინა ივანიშვილი მაშინაც ეწინააღმდეგებოდა, _ რა საჭიროაო, ისედაც ნათელიაო. მაგრამ, როგორც ხედავთ, ძალიან საჭირო ყოფილა. ახლა ბრძოლა მიმდინარეობს არა პოლიტიკოსებს შორის, არამედ პოლიციასა და ახალგაზრდობას შორის. ეს არის უსამარცხვინოესი პროცესი, ჩვენ კი ვიცით, როგორც დამთავრდება ეს ყველაფერი, აბსოლუტიურად ყველა პოლიციელი სახლში  წაბრძანდება, მსუქნებიც და გამხდრებიც, მარბიელებიც და ისინიც, რომლებიც ჩუმად არიან და ლოცულობენ, ყველა, აბსოლუტურად, ასე მოხდა რუმინეთში, ასე მოხდება აქაც. უნდა ილოცოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ მართლა რუმინეთის დიქტატორ ჩაუშესკუსავით არ დაასრულოს მოღვაწეობა. ილოცოს, რომ სასამართლო სკამზე დაჯდეს, ვიდრე გაუსწორდეს ხალხი.

_ მეორე კვირაა, გრძელდება სახალხო პროტესტი, ასობით ადამიანია დაკავებული, ნაწამები. რიგორ ფიქრობთ, ამის ფონზე შესაძლებელია ცხოვრება დაუბრუნდეს ძველ კალაპოტს, როგორც ეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საკმაო დრო გავიდა და ემოციები დაცხრა“?

_ შალვა პაპუაშვილს თუკი მართლა ჰგონია, რომ ემოციები უკვე დაცხრა, ნიშნავს, რომ საერთოდ, აზრზე არ არის, რა ხდება. ბ-ნ პაპუაშვილზე ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ არ არის ძალიან ჭკვიანი კაცი, მაგრამ მაინც იგულისხმებოდა, რომ იურისტია, დიპლომი აქვს, განსხვავებით ზოგიერთებისგან, რომლებიც პრეზიდენტები უნდა გახდნენ. გაირკვა, რომ ეს კაცი საერთოდ აზრზე არ არის. რა ემოციები დაცხრა?! როგორ შეიძლება, ემოციები დაცხრეს, როცა მთელი ქუთაისი ფეხზე დგას, მოზარდი დააპატიმრეს?  როგორ შეიძლება, დაცხრეს ემოციები იმ ოჯახებში, სადაც ახალგაზრდებს აპატიმრებენ და 9-წლიანი მუხლებით ემუქრებიან. რა ემოციები დაცხრა?! პაპუაშვილის თავში შეიძლება რამე დაცხრეს, კი, მაგრამ ემოციები არ დაცხრება საქართველოში მანამ, სანამ ისინი არიან ხელისუფლებაში. სიტყვას გაძლევთ, რომ ძალიან მალე იგრძნობს ბ-ნი პაპუაშვილი, რა არის ემოცია. თავს იტყუებენ! სისასტიკე არის შეკვეთილი! პოლიციელები ასე სასტიკები არ არიან ხოლმე. სისასტიკე შეკვეთილია, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაცას ასმევენ. ეტყობა, აგიჟებენ, გამოჰყავთ მდგომარეობიდან. სხვანაირად არ მჯერა, რომ ადამიანი ასეთი გამხეცებული იყოს… ბოლოს და ბოლოს, რას ვითხოვთ ჩვენ? _ ვიყოთ ევროპაში. მათ სად უნდათ, გვითხრან! რატომ ვერ ამბობენ, სად უნდათ? თქვან, რომ უნდათ რუსეთში, რომ ნათლად გაირკვეს, ვინ სად დგას, მაგრამ ამას არ ამბობენ, ამბობენ, ჩვენც ევროპაში გვინდაო. კაცი გამოდის და ამბობს, _ არ ველაპარაკები ევროპას, ევროპა დეგენერატია, ევროპა პიდარასტია, ევროპა ასეთია და მეორე დღეს გეუბნება, მე ევროპაში მიმყავხართ ღირსეულადო. რა ღირსებაზე ლაპარაკობს? სად აქვს ღირსება? როგორ შეიძლება, ივანიშვილს ჰქონდეს ღირსება?! ცხოვრებაში რა აქვს გაკეთებული ისეთი, რომ ღირსეული იყოს? რომ აფინანსებდა თავის საყვარელ მსახიობებს, ესაა ღირსება? როცა მე მისი ფონდის უფროსი ვიყავი და ვუთხარი, რომ 20% სახელმწიფოს უნდა გადავუხადოთ მეთქი, _ „სახელმწიფოსთვის ფულის გადახდა როგორ შეიძლებაო?!“ _ ასე მიპასუხა მისმა ხალხმა. რა ღირსებაზეა ლაპარაკი?!

_ თქვენ ქუთაისი ახსენეთ და ერთ-ერთმა ქუთაისელმა იხუმრა: ღირსებით კი არა, ცემა-ტყეპით შევყავართ ევროპაშიო. არა მხოლოდ აქციებზე აკავებენ და სცემენ ადამიანებს, სახლებში აკითხავენ და აკავებენ, ხელოვანებს იჭერენ. ადამიანები ამ ტერორს გასული საუკუნის 37 წელს ადარებენ. იქნებით თუ არა თქვენ ასეთი მძაფრი შეფასებისას?

_ 37 წელი ცოტა სხვა მოვლენაა, სადაც მე ვერ წარმომიდგენია, რომ ხალხი ქუჩაში გამოსულიყო და პროტესტი გამოეხატა. მე ვიცნობ მაგ პერიოდს. არა, ეს არის სიტყვები. ჩვენ ვადარებთ, რა თქმა უნდა, 37 წელს, დღევანდელი მსოფლიოს ფონზე ასეთი მოქმედება, კი, არის „37 წელია“, მაგრამ არა ის  ისტორიული 37 წელი, რომელიც გაცილებით მძიმე იყო, სადაც დამბეზღებელი მეტი იყო, ვიდრე დაბეზღებული. მთლად ასე არ არის საქმე, მაგრამ იქით მიდის, ბუნებრივია, როდესაც ასეთი სისასტიკეა, ასეთი დაუნდობლობაა. პოლიცია ისე გვექცევა, ვითომ ჩვენ მე-8 საუკუნის არაბი მომხვდურები ვიყოთ. ვერ გავიგეთ, ასეთი მტრული დამოკიდებულება საიდან მოდის.

_ დაკავებული და ნაცემი ადამიანები ყვებიან, რომ ძალოვნები მათ ცემისას ეუბნებიან, რომ თქვენ გინდათ გეირევოლუციის მოწყობაო. როგორც ჩანს, ისინიც ერთგვარად ამ ხელისუფლების პროპაგანდის მსხვერპლები არიან…

_ მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ არავითარი პროპაგანდის მსხვერპლები ესენი არ არიან. ესენი თავისი ხელფასის, თავისი ჯიბისა და ბიძინას მსახურები არიან, მას ემსახურებიან. საბჭოთა დროს მოლიციელები ჩვენ გვიცავდნენ. 9 აპრილის მოვლენების მონაწილეა ნახევარი საქართველო. ყოველ შემთხვევაში, ყველა ამას ამბობს. ხომ გვახსოვს, რომ ჩვენ გვიცავდნენ? ხალხს იცავდნენ, იმიტომ რომ ჩვენები იყვნენ, ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ასე გამხეცებული მე არავინ მახსოვს. ის რუსები მახსოვს, გამხეცებულები რომ გვირტყამდნენ, მაშინ, 9 აპრილს. გვიკვირდა, რომ ასეთი რა დავუშავეთ. იქაც გასაგებია, რომ ქიმია იყო საქმეში ჩართული, მაგრამ ჩვენებისგან ამას არ ველოდი. ეს წარმოუდგენელია! ხალხი რომ მოაგზავნეს, ვითომ მოქალაქეები და ორივე პოლიციის უფროსი აღმოჩნდა, რომელსაც ნიღაბი ჩამოხსნეს მოქალაქებმა და დააკავეს მსოფლიო ჩემპიონი ბიჭი (საუბარია 4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ მომხდარ დაპირისპირებაზე, რა დროსაც დააკავეს ზურაბ დათუნაშვილი, საბა სხვიტარიძე და ალეკო ელისაშვილი). თურმე, არ მოსწონთ ნიღბის ჩამოხსნა. ისე კი არა, რომ მსხვერპლი არიან რამესი. ეგ პოლიციელები მსხვერპლი კი არა, უგათახსირებულესი ხალხია, ფულისთვის ყველას გაწირავენ. ასეთებად გამოზარდა ბიძინა  ივანიშვილმა, რომელსაც არ აქვს ღირებულებები, რომელსაც არ უყვარს არავინ, რომელსაც თურმე საქართველო არ მოსწონს, „არც ისე ლამაზიაო“, ასე უთქვამს მწერალ ქალ ნაირა გელაშვილისთვის, რომელმაც შემდეგ ეს დაწერა. რა ნახა ასეთი სხვაგან? საქართველოზე ლამაზი სად რა იპოვა?! მსოფლიოში არსად ნამყოფი არ არის კაცი, რუსეთის ტერიტორიას არ გასცდენია, საფრანგეთის მოქალაქეა და საფრანგეთში ერთი კვირა არ აქვს გატარებული მიყოლებით. რა არის ლამაზი მისთვის, როგორ მაინტერესებს, რა კრიტერიუმები აქვს? საქართველო არის ღირსეული ხალხის ქვეყანა!!! ეს ბრძოლა დამთავრდება საქართველოს გამარჯვებით! ბიძინა ივანიშვილი და რუსეთის აგენტურა საქართველოში ვერ გაიმარჯვებს.

_ რა გაძლევთ იმედს? ვხედავთ, რომ ძალა მათ ხელშია, ძალოვანი უწყებები მათ ემსახურებიან, რითაც ადამიანებს უმკლავდებიან, სცემენ, ასახიჩრებენ…

_ ძალოვანი სისტემა არის რამდენიმე ათასი კაცი და აქ ლაპარაკია სამმილიონ-ნახევრიან ქართველ ხალხზე, აქ სერიოზული შეფარდებებია. ერთი მილიონი ხმაც რომ ჰქონდეს მას მიღებული, დანარჩენ 2 მილიონს რას ეუბნებიან? როდის იყო, რომ მილიონი 2 მილიონს ერეოდა? სად არის მისი ხალხი, სად? ამ მოძალადეების გარდა სად გამოჩნდა? ერთი ვინმემ რამე გააპროტესტა? სადმე გამოვიდა? რატომ არ აქვთ უნარი, რომ გამოვიდნენ და გველაპარაკონ? სად არის ახლა საქარველოს ხელმძღვანელობა? კობახიძისა და პაპუაშვილის გარდა სხვები სად არიან? სად იმალებიან? რამდენ ხანს აპირებენ ასე დამალვას? ბოლოს და ბოლოს 14 დეკემბერს პრეზიდენტი ხომ უნდა აირჩიონ? პარლამენტში ხომ უნდა შევიდნენ? პარლამენტში ახლა  გამაგრებულია სპეცდანიშნულების რაზმები. როგორ გგონიათ, მათი ხათრით ისინი გამოვლენ და ესენი შევლენ? ვერაფერსაც ვერ იზამენ, სადღაც შეიკრიბებიან, სხვა ადგილას. გარწმუნებთ, ასე იქნება და გამოგვიცხადებენ, ესა და ეს ამოვირჩიეთო. მათი მზე ჩასვენებულია, ოღონდ მათ ამის შესახებ არ იციან. ასეა, დრაკონი რომ კვდება, ძალიან დიდია და სანამ კუდი გაიგებს, თავი რომ მოკვდა, დრო გადის. ესენი დამთავრდნენ იმ წუთს, როცა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროპასათან მოლაპარაკებას წყვეტენ. იმ წუთიდან ისინი არ არსებობენ.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცნენ ასე გამომწვევად? _ ჯერ ყაველაშვილის დაასახელეს პრეზიდენტობის კანდიდატად, შემდეგ ასე თავხედურად და ცინიკურად გააკეთეს ეს განცხადება. რისი იმედი ჰქონდათ? ასეთი აზრიც არსებობს, რომ უნდათ, ხალხი გააღიზიანონ, რომ შემდეგ ყველა დაიჭირონ და ბოლომდე მოასუფთაონ ოპოზიციური ველი, რისი დაპირებაც ჰქონდათ. როგორ ფიქრობთ, ესაა მათი გეგმა თუ სხვა რამეა?

_ მათი შეფასება ასეთი იყო, რომ ჩვენი გატეხა ადვილია. ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება, ყველაფრის გადაწყვეტა შეიძლება ფულით. კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებამდე პროტესტი,  ფაქტობრივად, ოდნავ მინავლებული იყო, რადგან ახალგაზრდობას იმდენად არ აღელვებს არჩევნების თემა, როგორც ევროპის თემა. ევროპის თემა პირდაპირ მათ ეხება. ჩვენ წამსვლელი ხალხი ვართ, ბიძინა ივანიშვილმა, თუ გინდა, კიდევ 100 წელი იცოცხლოს, მისთვის ევროპა არ არის მნიშვნელოვანი, არ უყვარს ევროპა, არ დადის იქ. ახალგაზრდებისთვის კი ეს არის ყველაფერი. არ უნდა შეხებოდნენ ამ თემას და ყველაფერი დამთავრდებოდა შედარებით წყნარად, მაგრამ მათ იფიქრეს, ბარემ ყველაფერი ერთად ვქნათო. თან ეს იყო პასუხი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე სანქციების შესახებ. მათ მიიჩნიეს, რომ ასეა საჭირო. ეს ნიშნავს, რომ ინტელექტის პრობლემაა იქ, მთელი ეს ხალხი დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის ინტელექტზე, რომელიც არის სპეციფიკური. მას აქვს ინტელექტი ფულის შოვნის მიმართულებით, ის არის გენიოსი. ყველა დანარჩენი მიმართულებით არცერთი წიგნი არ აქვს წაკითული, არცერთი ენა არ იცის, რომელმაც ქართული არ იცის, მოუსმინეთ, რა ქართულით ლაპარაკობს, თარჯიმანი სჭირდება, რომ გავიგოთ, რა თქვა. კაცმა გამოგვიცხადა, რომ მე ჩემი ფული უფრო მაღელვებს, ვიდრე საქართველოო. და ამას ხალხმა მოუსმინა და ჩათვალა, რომ ჭკვიანური ნათქვამია! აი, ამ კაცმა მოიფიქრა ეს ყველაფერი. მათ ჰგონიათ, რომ სისასტიკით შეიძლება დაწიხვლა ახალგაზრდული და ეროვნული ენერგიის, რაც არის წარმოუდგენელი ამბავი! მას ეშინია ციხის, მან მითხრა მე, ციხეში ნაჯდომ კაცს, რომ ჭკვიანი კაცი ციხეში არ ჩაჯდებაო! ე. ი., ბიძინა ჭკვიანია და ამიტომ არ ჩაჯდა ციხეში. ჰოდა, ძალიან კარგად გაირკვევა ბოლოს, ვინ აღმოჩნდება ჭკვიანი. ახალგაზრდობას ესენი ვერ გატეხენ, ეს წარმოუდგენელია, 50 წელია, ახალგაზრდებს ვასწავლი, ასეთი უშიშარი და პრინციპული ხალხი ახლა რომ არიან ახალგაზრდები, მე არ მინახავს, ასეთი ხალხი არავის ჰყავს, ასეთი ჰყავდათ 60-იან წლებში ევროპაში… მადლობა თქვან, რომ ესენი კარგად იქცევიან და არაფერს აშავებენ, აბრალებენ რაღაცებს. პიროტექნიკას რაც შეეხება, თუ ახალ წელს მე შემიძლია ვისროლო, რატომ არ შეიძლება, მან რომ ისროლოს? სად წერია კანონში, რომ პიროტექნიკის გამოყენება არ შეიძლება? კანონიერია მათი მოთხოვნები? დროშები რომ ამოიღეს სახლებიდან ეს რას ნიშნავს? რა, საქართევლოს დროშის ქონა დანაშაულია?! ამ პოლიციელებმა მარტო ის იციან, რომ ფული იშოვონ და სახლში მიიტანონ? ბავშვებს მობილურებს პარავენ და ყიდიან! სამარცხვინო ხალხია თავისი მინისტრიანად. მინისტრი რა განათლებულიცაა, ხომ ვიცით, მისი მეტყველება ყველას მოსმენილი აქვს. ამ ხალხის ხელში საქართველო დიდხანს არ იქნება, ეს ზუსტად ვიცი, ეს რუსთაველის ქვეყანაა და არა ბიძინა ივანაშვილის!

_ რთული პროცესია ბრძოლის პროცესი. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, ეს მოითხოვს ძალიან დიდ ემოციურ და ფიზიკურ რესურსს. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ბრძოლა?

_ ირანში ახალგაზრდობა იბძოდა ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ გენეტიკურად ერთი ხალხი ვართ, ჩვენ კიდევ ქრისტიანები ვართ, ყველაზე წინ ვართ ამ თვალსაზრისით. ამიტომ დარდი არ მაქვს, რომ ჩვენები დაიღლებიან. ჩვენ არ დავიღლებით! მოკლედ, რამდენ ხანსაც საჭიროა, იმდენ ხანს გავძლებთ! აქ ეჭვიც არ შეიტანოთ! არ ხდება ასე, რომ ბებრები არიან ენერგიულები, ბიძინა ივნიშვილი იქნება ენერგიული და 16 წლის ბავშვი და 20 წლის ბიჭი იქნება ენერგიის გარეშე? ეს არ დაიჯეროს ვინმემ, სისულელეა. სხვათა შორის, მისი გათვლები ეყრდნობა იმ გამოცდილებას, რაც მას აქვს ახალგაზრდობასთან მიმართებით, მას ამ თაობასთან ურთიერთობა არ ჰქონია მისი შვილების გარდა და არ იცნობს, წარმოდგენა არ აქვს, არ უნახავს, ჰგონია, რომ ყველა ესენი არიან პარტიული ტიპები და ნაყიდი საააკაშვილის პარტიის მიერ.

_ ჩვენ ვნახეთ, როგორ დააკავეს ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. ფიქრობთ თუ არა, რომ გააგრძელებენ ლიდერების დაკავებას?

_ რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ ისინი უფრო არაორდინარულ ნაბიჯებსაც გადადგამენ, შეიძლება, სალომე ზურაბიშვილიც კი დააპატიმრონ. არაფერი გამორიცხული არ არის. მათ ჰგონიათ, რომ ესაა გზა. სინამდვილეში, ესაა გზა გმირების შექმნისა! თუ ვინმეს არ ჰქონდა დიდი სიმპათია ამა თუ იმ პირის მიმართ, რომ დააპატიმრებენ, მერე გაეზრდებათ ეს სიმპათია. მეტს არაფერს არ იზამს ეს. რას უზამს გვარამიას 12 დღე? მოიხდის და გამოვა ისევ, ვერაფერს უზამენ პოლიტიკურ ლიდერებსაც. ეს არის ძალიან უნიათო ბრძოლა, რაც მთავარია, არაფერს ეს არ წყვეტს, ახალგაზრდობა ქუჩაში ლიდერებს არ გამოუყვანიათ, თუ ამდენი არ იციან, მაშინ უჭკუოები არიან. ეს ისედაც ყველამ ვიცით, მე ვიცი, მაგალითად, რომ მე არ გამომიყვანია სტუდენტები, იქით მითხრეს, ჩვენ მივდივართ და თუ გინდათ, წამობრძანდით თქვენცო.

_ რაც შეეხება პრეზიდენტად ყაველაშვილის დასახელებას, რატომ მაინცდამაინც ის, რომელსაც დიპლომიც კი არ აქვს, მაშინ როცა საქართველოში დიპლომი თითქმის ყველას აქვს, ერთადერთი ეგ ყოფილა გამონაკლისი… რატომ მაინცდამაინც ის დაასახელა, როდესაც სხვაც შეიძლებოდა შეერჩია მისი ხალხიდან?

_ დიპლომშიც არ არის საქმე. ყაველაშვილს შემთხვევით არ აქვს დიპლომი, სპორტსმენებისთვის დიპლომი პრობლემა არასდროს ყოფილა. მინიმუმ, 2 შეიძლებოდა, ჰქონოდა. ყაველაშვილი დიპლომიანიც რომ იყოს და ხარისხიც ჰქონდეს… ბიძინას ხარისხი აქვს დაცული, მაგრამ ხომ გაუნათლებელია? ყველამ ვიცით ეგ. დიპლომში არ არის საქმე. ყაველაშვილისგან გაგონილი გვაქვს სულ 10 სიტყვა, ეს სიტყვებია: „შენი დედაა“, „შენი დედის…“ და ა. შ. მეტი სიტყვა არ უთქვამს ჯერ. ჩვენ მისგან არ გაგვიგონია ადამიანური მეტყველება გინების გარდა, ყაველაშვილმა არაფერი იცის. რაც შეეხება ფეხბურთს, _ ფეხბურთში ის კახი კალაძე კი არ იყო, არამედ ერთი ჩვეულებრივი, საშუალოზე ოდნავ დაბალი დონის ფეხბურთელი, თამაშობდა შესაბამის გუნდებში, „მანჩესტერ სიტის“ ასახელებენ, „სიტი“ ინგლისის ჩემპიონატზე მეოცე ადგილას იყო. იქაც, ძირითადად, ვერაფერი გააკეთა. პატარა ფეხბურთელია, რა მოსწონთ მისი? გარეგნობა _ ბიძინა ივანიშვილს მოსწონს მისი გარეგნობა, ულვაშიანია, თმები აქვს, მაღალია. ამ მხრივ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. მეორე, რაც აქვს, _ ისაა 100 პროცენტიანი მონა, აი, ვინც არ გაექცევა, თორემ მის მიერ შერჩეული ორივე პრეზიდენტი გაექცა. ყაველაშვილს აქვს ერთი კარგი თვისება _ აბსოლუტური ნულია! აი, ეს არის მთელი მისი ძალა. ნული აბსოლუტური, ინტელექტუალური ნული! მინუსებში გადადის ხოლმე მომენტებში! ამიტომ არ არის მოსალოდნელი, რომ ის თავის დამოუკიდებელ ხმას ამიიღებს და რამეს „დააშავებს“, როგორც მარგველაშვილმა ან ზურაბიშვილმა „დააშავეს“. და კიდევ, ლგბტქ+ თემა არის აქ მთავარი, ის ასეთი არ არის, ის სხვანაირია…

_ ივანიშვილმა გაუბედა ქართველ ხალხს, რომ პრეზიდენტად უნდა დაუსვას ასეთი ადამიანი?

_ ეს დაცინვაა, რა თქმა უნდა, მათ რიგებშიც მოიძებნება ისეთი კანდიდატი, რომელზეც ასე ვერ ვისაუბრებდით.  

_ მე მგონი, თვითონაც გაეცინა, როდესაც ის დაასახელა.

_ ამით გვითხრა, რომ მე თუ მინდა, ჯოხს დავასახელებ, თქვენ აირჩევთ. როგორც კალიგულამ გვითხრა, რომ ჩემი ცხენი უფრო მაგარია, ვიდრე ნებისმიერიო. დაგვცინა ამით. მაგრამ არის ბევრი კარგი ქართული ანდაზა, მაგალითად: „იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“. მარადიული არაფერია, ბევრი რამე მაქვს ნანახი, მე დავინახე მჟავანაძე როგორ წაიქცა, შევარდნაძე როგორ წაიქცა… ყველა წაიქცევა ბოლოს, უკვდავი არავინაა, ცას ვერავინ გამოეკერება, პოლიტიკურად ვამბობ ამას. მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს ივანიშვილმა და დიდხანს ინანოს, რომ ამდენი შანსი ჰქონდა, ასეთი შესაძლებლობა და ჭორვილას ორღობეში შეიყვანა რუსთაველის ქვეყანა.

The post ლევან ბერძენიშვილი: „უნდა ილოცოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ რუმინეთის დიქტატორ ჩაუშესკუსავით არ დაასრულოს მოღვაწეობა“ appeared first on QronikaPlus.

სრულად წაკითხვა