ლოს-ანჯელესში ხანძრის მხვერპლი ათს აღწევს, ათასობით შენობა მთლიანად დაიწვა

6 hours ago 3

უკვე მეოთხე დღეა მეხანძრეები ლოს-ანჯელესის ქუჩებში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. მათ ვერ შეძლეს ერთი კვირის წინ ტყეში გაჩენილი ძლიერი ხანძრის კონტროლი და ის ახლა კალიფორნიის შტატის ამ ყველაზე დასახლებულ ქალაქში მძვინვარებს.

ხანძრის გამო ლოს-ანჯელესში დაიღუპა სულ ცოტა, 10 ადამიანი და ათასობით შენობა, ბიზნესი თუ საცხოვრებელი სახლი სრულებით განადგურდა. მოსახლეობის მიხედვით, ლოს-ანჯელესი ნიუ-იორკის შემდეგ, შეერთებული შტატების უდიდესი ქალაქია.

მეხანძრეები დღედაღამ მუშაობას აგრძელებენ. ლოს-ანჯელესის ოფიციალურმა პირებმა 10 იანვარს განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს მას შემდეგ, რაც ხანძარს მეტად გააკონტროლებენ და საგანგებო სამსახურები შეძლებენ დამწვარი შენობების ნანგრევებში შეღწევას.

თეთრ სახლში მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ გაუწიონ მეტი ფედერალური დახმარება ხანძრით ძლიერ დაზარალებულ კალიფორნიულ ქალაქს. ვაშინგტონში ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით დღეს კიდევ ერთი საგანგებო შეხვედრა გაიმართება.

ერთი დღით ადრე, 9 იანვარს პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ თეთრი სახლი შტატს დამატებით რესურსებს და დაფინანსებას მიაწვდის. დახმარება 180 დღის განმავლობაში დროებითი თავშესაფრების მომზადებას, მომწამვლელი ნარჩენების გატანასა და დამატებითი საგანგებო სამსახურების მობილიზაციას მოხმარდება.

ეს "ყველაზე საშინელი ხანძარია, რომელიც ლოს-ანჯელესს დაატყდა თავს", - განაცხადა პრეზიდენტმა. ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, რომელიც წარსულში კალიფორნიის შტატის სენატორი იყო, იქ შექმნილ ვითარებას "აპოკალიპტური" უწოდა.

ამ ეტაპზე ევაკუირებულია 180 000-ზე მეტი ადამიანი. დამწვარია მიწის ათობით ათას ჰექტარზე განლაგებული შენობები და მიწის ბუნებრივი საფარი. 20 ადამიანი დააკავეს მაროდიორობის ბრალდებით. ხანძრის კონტროლს და სამაშველო სამუშაოებს აქამდე ძალზე უშლიდა ხელს ძლიერი ქარი, რომელიც ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, 9 იანვარს შედარებით დასუსტდა.

სრულად წაკითხვა