მაკრონი ივანიშვილს აკრიტიკებს და ინკლუზიური დიალოგისკენ მოუწოდებს

1 week ago 5

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 11 დეკემბერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაურეკა. ამის თაობაზე ორივე მხარე იტყობინება.

ფრანგული მხარის ოფიციალური პრესრელიზი

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, მაკრონმა “დაგმო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ მუქარა, ისევე, როგორც მართლწესრიგის დაცვის ძალების მიერ მშვიდობიანი მანიფესტანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა”.

მან თვითნებურად დაკავებულთა გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა. მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და დაადასტურა რწმენა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნა ანდა რომელსაც ახლა მიიღებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ყველა პოლიტიკურ ჯგუფსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგისკენ მოუწოდა, ქართველო ხალხის ევროპული მისწრაფებისა და დემოკრატიული სულისკვეთების პატივისცემით, რასაც იგი კიდევ ერთხელ მიესალმა.

“ქართული ოცნების” პრესრელიზი

“ქართული ოცნების” პრესრელიზის თანახმად, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა, რა დროსაც მაკრონმა აღნიშნა, რომ “წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო” და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში “თავისი წვლილის შეტანის სურვილი” გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და სიტუაციის დე-ესკალაციისთვის ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი.

წინაისტორია

სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი საფრანგეთში, სადაც ის თავის ფრანგ და ამერიკელ კოლეგებს  შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიღრმისეული განხილვა ჰქონდა არჩეულ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. „ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ის საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა