მოსამართლე მანანა კობახიძემ „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით შეტანილი სარჩელის განხილვიდან აცილების მოთხოვნა „მრავალმა ფაქტორმა“ განაპირობა.
კობახიძემ აცილების შესახებ შუამდგომლობა იმ არგუმენტით წარადგინა, რომ მისმა მონაწილეობამ შესაძლოა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით „გონივრული ეჭვები“ გააჩინოს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა წარსულში გაკეთებულ განცხადებებზე, როგორც უფლებადამცველი ადვოკატის, ისე „ქართული ოცნების“ დეპუტატის რანგში, რომლებიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის წევრებს ეხებოდა. კობახიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი წევრი და 2017 წლის თებერვალში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე პარლამენტის წევრი იყო.
„ეს არის დეპუტატების სარჩელი, მოსარჩელეთა უმრავლესობა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია და თუკი ამავე პარტიის დამფუძნებელი წევრი, იმავდროულად პირველი თავმჯდომარე, განიხილავდა საქმეს, რაც არ უნდა ფიცი ჰქონდეს დადებული, ქმნიდა თუ არა ეს გარემოებები ერთობლიობაში იმგვარ საფუძველს, რაც საზოგადოებაში, ობიექტურ დამკვირვებელში წარმოშობდა კითხვის ნიშნებს?“ – უთხრა კობახიძემ გამოცემას.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ყოფილი პოლიტიკოსობა ერთადერთი ფაქტორი არ ყოფილა. მისი თქმით, მან აცილება მოითხოვა „კუმულაციურად, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით“.
„მე ვიყავი [„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს] ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლთა ადვოკატი, არაერთი მწვავე დისკუსია და პოლიტიკური დებატი მქონია საჯარო ტრიბუნიდან, მათ შორის პარლამენტიდან, სადაც ღიად მოვუწოდებდი [ყოფილ ხელისუფლებას], რომ ამ სისტემური დარღვევებისთვის, კონკრეტული დანაშაულებისთვის მათ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და საერთოდ წასულიყვნენ პოლიტიკიდან“, – განაცხადა მან.
კობახიძემ განაცხადა, რომ მას არ სურს, რომ „მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები