მაწვდიან დაუდასტურებელ ცნობებს, რომ „დასაკავებელთა სიაში“ ვარ - ჟურნალისტი მარი ნიკურაძე

2 weeks ago 11

ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მის დაკავებას გეგმავდნენ.

„ვნახე სია იმ შესაძლო ადამიანებისა, ვინც, წყაროს თანახმად, უნდა დააკავონ. ამ სიას, სახელებთან და გვარებთან ერთად, ერთვის პირადი ნომრები. ჩემი პირადი ნომერი, რაც მითითებულია, ზუსტია“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ამასთან, გამოცემა „პუბლიკა“ იუწყება, რომ დამოუკიდებელმა წყარომაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მარიამ ნიკურაძე, სავარაუდოდ, დასაკავებელ პირთა სიაშია.

მარიამ ნიკურაძე ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციას აშუქებს, მათ შორის ბოლოდროინდელ პროევროპულ დემონსტრაციებს.

მას ბოლო 9 დღის განმავლობაში პოლიცია, როგორც მედიის სხვა წარმომადგენლებს, მასაც უშლიდა ხელს მუშაობაში. ნიკურაძეს ორი ფოტოკამერა დაუმტვრიეს აქციების დარბევისას; ასევე, ერთ-ერთ საღამოს მუშაობისას შსს-ის თანამშრომელმა ხელის კვრით მიწაზე დააგდო.

OC Media წერს, რომ სიაში, ნიკურაძის გარდა, სხვადასხვა ადამიანის სახელი და პირადი ნომერია მითითებული. მათ შორის, რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელიც უკვე დაკავებულია.

მაგალითად, გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ადამიანი არის ანდრო ჭიჭინაძე, მსახიობი, რომელიც სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული და 9 წლით პატიმრობა ემუქრება.

რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ინფორმაციის გადამოწმების მიზნით.

სტატია განახლდება

სრულად წაკითხვა