მენეჯმენტს „მთავარი არხის“ დირექტორად ჟორჟოლიანის და ჭანტურიას კანდიდატურას ვთავაზობდი – ოქუაშვილი

1 week ago 4

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელი, ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ის არხის მენეჯმენტს ის გენერალურ დირექტორად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას სთავაზობდა, რაც ახლაც ძალაშია.

ხოლო თუ ნანუკა ჟორჟოლიანი უარს იტყოდა, ზაზა ოქუაშვილის თქმით, ის გია ჭანტურიას კანდიდატურას განიხილავდა.

როგორც ზაზა ოქუაშვილი ამბობს, მას არც ჟორჟოლიანთან და არც ჭანტურიასთან პირადი მოლაპარაკებები არ ჰქონია, თუმცა ეს შეთავაზებები ახლაც ძალაშია, რადგან მიმჩნია, რომ ეს ადამიანები კარგად იცნობენ ტელევიზიის სპეციფიკას, აქვთ შესაბამისი გამოცდილება და შეძლებენ კომპანიის კეთილსინდისიერად მართვას.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან მთავარი არხის გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია.

საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის საზოგადოების ბრძოლა თვითმარქვია რეჟიმის წინააღმდეგ, ასევე, ჟურნალისტების მიმართ არსებული თავდასხმის ფაქტებიდან გამომდინარე არსებული ფონი, ნიკა გვარამიას ადმინისტრაციული პატიმრობა, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მიერ გამოყენებული იქნა პიარულად ფეიქ ნიუსის შესაქმნელად საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის.

კვლავ ვაცხადებ, რომ არხთან დაკავშირებით არავითარი ხელშემშლელი ან მიმდინარე პერიოდში რაიმე ნაბიჯი ჩემი, როგორც პარტნიორის მხრიდან არ გადადგმულა, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ თითქმის ერთი წელია იგივეა.

ჩემი პოზიცია იყო და არის, რომ არხმა უნდა იმუშაოს, ოღონდ არ უნდა იძარცვებოდეს. ჩემი სახსრებით შექმნილი არხი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არ უნდა გამოიყენებოდეს ერთი კონკრეტული პირის პიარ და პარტიული ინტერესებისთვის, გასაძარცვად და პირადი კეთილდღეობისთვის.

სხვა ბევრ კანონდარღვევასთან ერთად, არ შეიძლება კომპანიას უგროვდებოდეს მილიონობით ვალი, ედოს საგადასახადო ინკასო, რაც საბოლოო ჯამში მას გაკოტრებამდე მიიყვანს და პრივილეგირებული პირები, მაგალითად ნიკა გვარამია, იღებდეს 88,500 ლარს, მხოლოდ ყოველთვიური ანაზღაურების სახით, მისი შემოსავლის სხვა მაქინაციებზე ცალკე ვისაუბრებ.

ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას არასწორი მენეჯმენტის და არა ჩემი, როგორც პარტნიორის გამო, კომპანიის დავალიანება 13 მილიონ ლარს აღწევს. ეს არის სწორედ ის, რასაც მიჰყავს კომპანია გაკოტრებამდე და არხი გაჩერებამდე და რის გადაფარვასაც ცდილობენ გვარამია და გაბუნია“, – ნათქვამია ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გუშინ, 11 დეკემბერს, „მთავარი არხის“ დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილი არხს ხურავს. მისი თქმით- „მთავარი არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, თვითონაც ჩაერთოს “ოცნების” წამოწყებულ ძალადობაში  და მის ხელთ არსებული საშუალებებით იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილი კონფლიქტის დაწყებამდე “ახალის” საპარლამენტო სიაში 3 ადამიანის ჩასმას ითხოვდა. როგორც გვარამია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, მან ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ნიკა გვარამიას წერილს “მთავარ არხზე” მიმდინარე მოვლენებზე უცვლელად გთავაზობთ.

სრულად წაკითხვა