,, მე ერთი ტყუილის გამო სოფლიდან კინაღამ მომკვეთეს, და ესენი ამდენს რომ ტყუიან…” – ალეკო შუღლაძე

4 days ago 5

მწერალი ალეკო შუღლაძე:

,,ღამის სამ საათზე გამახსენდა, რომ ერთხელ მაქვს ტყუილი ნათქვამი. აი, ისეთი წონიანი და მართლა ტყუილი მხოლოდ ერთხელ ვთქვი. ეს სკოლაში მოხდა, როცა სხვა გამოსავალი აღარ იყო, ალალი ბიძა „მოვკალი“. ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი და დამიჯერეს. აუჰ, შე საწყალოო, ცრემლები წამოუვიდათ. ისე განიცადეს, რომ სასწავლო ნაწილი ტიროდა, მერე დირექტორი ატირდა… უბრალოდ დგომა აღარ გამოდიოდა და მეც თვითონაც ავტირდი. სახლში გამომაცილეს, თუ გინდა, რამდენიმე დღე ნუ მოხვალო.

ბიძა საერთოდ არ მყავდა, არც დედის მხრიდან და არც მამის მხრიდან… ჰოდა, ორ დღეში მიხვდნენ, რომ ვინც არ გყავს, ის ვერც მოკვდებოდა. ტყუილში გამომიჭირეს და მერე იცით, რა მოხდა? აღარავინ მელაპარაკებოდა, არც დირექტორი, არც სასწავლო, არც სკოლა და უფრო მეტიც, მშობლებიც გამებუტნენ, განმიდგნენ, ჩვენი შვილი არ ხარო… მამა ძალიან განიცდიდა, ჩემი ძმა როგორ მოკალიო? 🙂 ვიცი, რომ ძმა არ მყავს, მაგრამ მაინც ძალიან მეწყინაო. მოკლედ, ერთი პიროვნება დარჩა მარტო, ვისაც ისევ ვუყვარდი, – ეზოს ძაღლი ბელკა.

ამას რატომ ვყვები იცი… მე ერთი ტყუილის გამო სოფლიდან კინაღამ მომკვეთეს, და ესენი ამდენს რომ ტყუიან, ესპანეთიო, იტალიაო, გარეთ მხოლოდ 300 ადამიანი დგასო, 2030-ში შევალთო, ყველანი ნაცები არიანო, ტანსაცმელს იცვლიან ძალიან სწრაფადო, ხალხს ჩვენ კი არ ვცემთ, ისინი გვცემენო, კოქტეილებს გვესროდნენო, კაცის რძეო, ქალო შედი ბუტკაშიო, აზრზე ხართ, რამდენი ტყუილი თქვეს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე და…

ამომრჩეველი მაინც ჰყავთ. დავუშვათ 100 ათასი ადამიანი. ვერ ვხვდები, ეგ როგორ ხდება? 100 ათასი და 200 ათასი ეგრე საფუძვლიანად როგორ არის მოტყუებული? მესმის „იმედს“ უყურებენ, მაგრამ ერთხელ როგორ ვერ გადართეს… საკმარისი იქნებოდა.”

სრულად წაკითხვა