როგორ ეხმაურებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, ამის შესახებ “კვირის პალიტრა“ სტატიას აქვეყნებს. მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ არ ეგულება ნორმალური ქართველი, ვისაც რუსთაველზე დაპირისპირება მოსწონს.
კირა ანდრონიკაშვილი:
– ქართველებმა კიდევ ერთხელ გავახარეთ მტრები! მე რუსეთუმეობას ვერავინ დამწამებს, რადგან ჩვენმა ოჯახმა საბჭოთა წყობის დროს დიდი ტანჯვა გამოიარა. რეპრესიები შეეხო ყველას – ჯორჯაძეებსაც და ანდრონიკაშვილებსაც. მამაჩემის დას, ულამაზეს კირა ანდრონიკაშვილს, ასტანის ბანაკში ვირთხებთან ერთად ეძინა. როცა ასეთი გამძვინვარებული მეზობელი გვყავს, რომელსაც შეუძლია გაგვანადგუროს, როგორმე ერთმანეთის გატანა უნდა შევძლოთ! ყველას, ვინც ამას ვერ ხვდება, მთელი გულით ვთხოვ დავით გურამიშვილის „ქართლის ჭირი” წაიკითხოს. ჩვენ ობოლი ერი ვართო, თქვა კიდევ ერთმა დიდმა მწერალმა – ჭაბუა ამირეჯიბმა. მათ სიტყვებს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენს სამშობლოს ნაკლებად დავაზიანებთ! მე არ მეგულება ნორმალური ქართველი, რომელსაც მოსწონს, რუსთაველის პროსპექტი ქართველების დაპირისპირების ადგილად რომ გადაიქცა.
ევროკავშირის წევრობას უკვე რამდენი წელია ველოდებით და უარს გვეუბნებიან. გავძლიერდებით და შევალთ ევროკავშირში, თუ მიგვიღებენ, რა თქმა უნდა… არც ის მესმის, რატომ იგონებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ან იმ ხალხს რატომ აყენებენ შეურაცხყოფას, ვინც ხმა “ოცნებას” მისცა.
რაც რუსთაველზე ხდება, მოსაწონი არ არის, მაგრამ პოლიციელებმაც ხომ ბევრი რამ მოითმინეს. მე დიდ პატივს ვცემ ყველას, ვინც ამ აქციებზე წრფელი გულითაა მისული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აქვე, 40 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას? აქ რომ შემოვიდნენ, მორჩება ყველაფერი!
ყველას როდი უნდა, საქართველო უფრო ძლიერი და მდიდარი ქვეყანა გახდეს?! სწორედ ამიტომ გვებრძვიან შინაური და გარეშე მტრები! სწორედ ჩვენს მტერს უხარია, ასე გაბოროტებულ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქართველებს რომ ხედავს! თუ ერთად არ ვიქნებით, დავიღუპებით! ვლოცავ საქართველოს და იმედს ვიტოვებ, რომ ღვთისმშობელი თავის კალთას გადმოგვაფარებს.