დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელის მიმართ მიზანმიმართული რეპრესიული პოლიტიკის პასუხად 14 იანვარს, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიფიცა საქართველოში კრიტიკული მედიების სრული უმრავლესობა.
„ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ გავიფიცეთ“ — მსგავსი წარწერა ჩანდა მხოლოდ სამი საათის განმავლობაში ტელეარხების ეკრანებზე, ონლაინმედიების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში.
მედიები, რომლებიც გაიფიცნენ:
- ფორმულა
- ტვ პირველი
- მთავარი არხი
- პალიტრანიუსი
- ტვ კავკასია
- BMG
- ნეტგაზეთი
- ბათუმელები
- პუბლიკა
- ინდიგო
- ჯემნიუსი
- სტუდია მონიტორი
- მთის ამბები /საქართველოს ამბები
- მედიაჩეკერი
- Chai Khana
- ტაბულა
- On.ge
- OC Media
- მედია აპრილი
- Civil.ge
- პროექტი 64
- რეალპოლიტიკა
- რადიო მარნეული
- Qartli.ge
- აი, ფაქტი
- მაუწყებელი
- TOK TV
- ფორბს-საქართველო
- სამხრეთის კარიბჭე
- აგროგარემო TV
- ოდიში TV
- რადიო ოდიში
- იმერვიზია TV
- გურია TV
- მეცხრე ტალღა
- JRC
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი – GARB
- აჭარა თაიმსი
- აქცენტი
- TV 25
- TV მონიტორინგი
- ჩემი ხარაგაული
- CNews Exclusive
- ინფო იმერეთი
- რადიო ათინათი
- მეგა ტვ
არ გაფიცულა, თუმცა მზია ამაღლობელს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა ევრონიუს ჯორჯიამ.
ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელს სასამართლოზე ხელში ეკავა წიგნი: „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”. წიგნის ავტორია ნობელის პრემიის მფლობელი ფილიპინელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მარია რესა. დამფუძნებელი ონლაინ გამოცემისა „რაპლერი”. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა მარია რესაც და დაწერა, რომ მსგავსი რამ, პროტესტის 47 დღის შემდეგ წარმოუდგენელია. მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული, მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციები.