​მთავრობის კონცერტი და დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და ხელისუფლებას შორის

23 hours ago 3

ხაშურში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს – ფაქტს სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლა მთავარი საზრუნავი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განმუხტვა უნდა იყოს და არა კონცერტების დაფინანსება ისეთ ქალაქებში, სადაც მოქალაქეებს უამრავი პრობლემა აწუხებთ.

მოქალაქეებმა კონცერტისთვის მორთულ სივრცეში იმ ადამიანების ფოტოები მიიტანეს, რომლებსაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც აქტივისტები ამბობდნენ, სადღესასწაულო განწყობა ქვეყანაში დაბრუნდება მაშინ, როცა “ქართული ოცნება” მოქალაქეების დევნას დაასრულებს და მათ მოტხოვნებს გაითვალისწინებს.

“რეჟიმი, რომელიც ხალხს სანახაობით ართობს, რეალურად მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. მე აქციაზე ნაცემი ადამიანების ფოტოებით მოვედი. იმ ადამიანების სახეებს ვაჩვენებ, ვისაც სამშობლოს სიყვარულის გამო ფიზიკურად უსწორდებიან. 400 – ზე მეტი ადამიანია ნაცემი და არცერთი სამართალდამცავი არ დასჯილა”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე სამოქალაქო აქტივისტს, მარია მეყანწიშვილსა და მერიის კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსს კოტე ფრუიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

“ახლა რომ აპროტესტებ სად იყავი 2012 წელს, როდესაც ხალხს აწამებდნენ. მე შენ ხაშურში არ მინახიხარ. ახლა ხომ გყავთ პატარა ბავშვები გამოყვანილი, მაშინაც გამოსულიყავი”, – უთხრა ფრუიძემ მეყანწიშვილს.

სამოქალაქო აქტივისტის მარია მეყანწიშვილის თქმით, ის 2012 წელს სკოლაში სწავლობდა, თუმცა პროტესტის გრძნობა მაშინაც ჰქონდა.

2012 წელს სკოლაში ვსწავლობდი, 14 წლის ვიყავი, მაგრამ მაინც მქონდა პროტესტი. იმ  პერიოდში ჩემს მეგობრებს მაისურები ჩავაცვი, სადაც ხუთი ნომერი გადავხაზეთ და ასე გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი ჩემივე სახლის ქუჩაზე, სადაც თქვენ არ ვიცი, ნამყოფი ხართ თუ არა”, – უთხრა მეყანწიშვილმა ხაშურის მერიის წარმომადგენელს.

ხაშურელებში პროტესტს იწვევს ისიც, რომ ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება. ადგილობრივ ხელისუფლებასთან სიტყვიერი დაპირისპირების დროს ითქვა ისიც, რომ საახალწლო კონცერტზე თანხების ხარჯვას, სჯობს ფინანსები ადგილობრივების რეალურ საჭიროებებსა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მოხმარდეს.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში კონცერტი მთავრობის დაფინანსებით იმართება. რაც შეეხება 31 დეკემბერს, მერის მოადგილის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს ხაშურში კონცერტი არ გაიმართება.

სრულად წაკითხვა