მილერი: „ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ“

2 weeks ago 9

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს აშფოთებს „ქართული ოცნების“ ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას ევროპასთან უფრო მეტად ინტეგრაციის გზისგან აშორებს. სახელმწიფო დეპარტამენტში 2 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა უშლის ხელს სახელმწიფო დეპარტამენტს, სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი, სანქციების დაწესების შესახებ წინასწარ არ საუბრობს.

„ჩვენ, ამ პოდიუმიდან წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციების შესახებ. როდესაც სანქციები გვაქვს, მათ შესახებ განცხადებას ვაკეთებთ. თქვენ უკვე იხილეთ, რომ დავაწესეთ სანქციები ქართველ ოფიციალურ პირებზე, დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები. მივიღეთ სხვა ზომები - შევაჩერეთ $95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებდა და ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ შეშფოთებულნი ვართ იმ ნაბიჯებით, რაც მათ გადადგეს ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასასვლელად, რომელსაც ისინი მიყვებოდნენ და ვიცით, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე პასუხად, რომელმაც მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, საპროტესტო დემონსტრაციები და მათ წინააღმდეგ გამოყენებული ძალის შედეგად დაშავებულების საკითხი, მეთიუ მილერმა თქვა - „ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ“.

30 ნოემბერს, მეთიუ მილერმა, სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

სახელმწიფო დეპარატამენტის მიერ, იმავე დღესვე გავრჩელებულ განცხადებაში კი ნათქვამია - „ქართულმა ოცნებამ" სხვადასხვა ანტიდემოკრატიული ქმედებებით დაარღვია ჩვენი, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემისა და ანტიკორუფციული ქმედებების ძალისხმევის მიმართულებით. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა.“

ამავე განცხადებაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, „დაუბრუნდეს თავის ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნებზე მომხდარი ყველა დარღვევა და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას."

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისთვის ევროკავშირსა და ნატოში მის სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით კონსტიტუციით განსაზღვრულ დაპირებას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ევროპასთან მჭიდრო კავშირის დამყარების შესაძლებლობაზე და კრემლის წინაშე საქართველო კიდევ უფრო დაუცველი გახადა.“

სრულად წაკითხვა