400-ზე მეტი საჯარო მოხელე აწერს ხელს განცხადებას, რომელშიც დაგმობილია "მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევა". საჯარო სექტორის ასობით თანამშრომელი აცხადებს, რომ ემიჯნება საქართველოს მთავრობის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის თაობაზე.
ღია წერილზე ხელმომწერები ადასტურებენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი ერთგულებას, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილს ასახავს. ამასთან, აღნიშნული მუხლი ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს, რომ უნდა „მიიღონ ყველა ზომა“ ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციითვის.
გთავაზობთ საჯარო მოხელეთა ღია წერილის სრულ ტექსტს, რომელზეც ხელმოწერების დართვა კვლავ გრძელდება:
"ჩვენ, საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები, გულწრფელად და ერთგულად ვემსახურებოდით და ვემსახურებით არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც გულისხმობს ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო ატლანტიკური მისწრაფებების დაცვას.
მიგვაჩნია, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ყველა იმ მექანიზმის ბოლომდე ათვისება, რომელსაც გვთავაზობს ეს პროცესი. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცესთან დაახლოების პროცესში, იმ რწმენით, რომ ეს ჩვენი წინაპრებისგან გარდაუვალი სურვილით ნაკარნახევი, ადამიანზე ორიენტირებული და დაცული მომავლისთვის ყოველდღიური შრომა იყო. ვშრომობდით რა იმ მომავლისთვის, რომელიც თითოეულ ადამიანს ღირსეული ცხოვრების, კეთილდღეობის, თანასწორობის, განვითარებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის საშუალებას აძლევს,
ამ რწმენით, ცალსახად ვემიჯნებით 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას!
ვადასტურებთ, ჩვენს განუხრელ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ, არაერთხელ მკაფიოდ გამოხატული ნების მიმართ!
ვემსახურებით საქართველოს"!
საქართველოში უკვე კვირაზე მეტია მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, თბილისი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს. ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცავებმა პროევროპულ აქციებზე 300-ზე პირი დააკავეს. მათი უმეტესობა ამბობს, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც, ზოგ მათგანს სერიოზული სამედიცინო ჩარევა და ქირურგიული ოპერაციებიც დასჭირდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება. პირიქით, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ განაგრძობს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულებას და ქვეყანა ევროკავშირის წევრი მაინც გახდება. ერთადერთი მიზეზი კი, რატომაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მათი განმარტებით, ის არის, რომ სურდათ თავიდან აერიდებინათ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხით შანტაჟი.