სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:
,,ვინც ჯერ კიდევ არ გასულხართ რუსთაველზე გვიან, შუაღამის აქციაზე, გირჩევთ, გახვიდეთ.
ადამიანები დგანან პატარა ჯგუფებად. ეს მაინცდამაინც სტაბილური ჯგუფები არ არის, ბევრი სპონტანურადაა შექმნილი – იშლებიან და ისევ იქმნებიან. თუ ჯგუფებს შორის მოძრაობ, მოისმენ საინტერესო საუბრებს – ლოკალურ და გლობალურ პოლიტიკაზე, წინააღმდეგობაზე, პროტესტის სტრატეგიასა და ტაქტიკებზე, პოლიტიკოსებზე, მიმდინარე მოვლენებზე…
შიგადაშიგ, ეს ჯგუფები ერთიანდება და საერთო მესიჯებს ექვემდებარება. ეს მოძრავი მესიჯებია, რომლებიც, ციფრული ტექნოლოგიების წყალობით, პარლამენტის შენობაზე გამოისახება მწვანე ფერით. ფაქტიურად, შეკრების ერთადერთი “მმართველი” ეს ტექსტური შეტყობინებებია. მთელ პროსპექტზე გაშლილ შეკრებას არ უძღვება არავინ, არ ჰყავს მოლაპარაკეები (“სპიკერები”) და მაინც, ადამიანები საათობით რჩებიან და ურთიერთობენ.
ქაშუეთთან ხალხის მიერ მოტანილი საჭმელ-სასმელია, დიდი რაოდენობით, ყველას ეყოფა, იმდენი. არავითარი ისტერიკა. კი, ბევრი ემოცაა ირგვლივ, მაგრამ, როგორც ერთი ჭკვიანი სოციოლოგი იტყოდა, გონითი ემოციაა ეს.
მოკლედ, რა მინდა ვთქვა: გარეთ, რუსთაველზე მყოფი ხალხი არ არის მასა, მით უფრო – ეგზალტირებული მასა, რასაც ბრბოს უწოდებენ. ეს არის საზოგადოება, უფრო სწორად, პუბლიკა, ანუ პიროვნებებისგან შემდგარი საზოგადოება.
ათასჯერ უფრო უკეთესი, ვიდრე შიგნით, პარლამენტში დანიშნული დეპუტატები.”