თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 წლის მათე დევიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ის ისევ პატიმრობაში დატოვეს
დევიძემ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას მოსამართლე დავით მგელიაშვილს უთხრა, რომ ის პატიმრობას არ იმსახურებს, თუმცა მოსამართლემ ეს პოზიცია არ გაიზიარა:
„იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას”,- განაცხადა დევიძემ.
დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც ნოემბერში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დევიძეს სხვებთან ერთად, პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს.
21 წლის ახალგაზრდას “ოცნების” რეჟიმის გამომძიებლები 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.