„მოტეხენ ფეხს და დავიწყებთ ტირილს“ – იტალიელი ჟურნალისტი კვარას იცავს

1 week ago 12
Foto Alessandro Garofalo/LaPresse

„ნაპოლის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომელთა წინააღმდეგაც სერია A-ში განსაკუთრებით უხეშობენ. იტალიელი ჟურნალისტი კარლო ალვინო გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ჩანს, როგორ აქვს კვარას ფეხი გასივებული „კომოსთან“ თამაშის შემდეგ.

„კვარას ფოტო „ნაპოლი“ – „კომოს“ მატჩის შემდეგ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რის შესახებაც კარგა ხანია ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, მოწოდებას ყურს არ უგდებენ. მსაჯების პოზიცია კვარაცხელიასთან მიმართებაში სკანდალურია.

ქართველზე სერია A-ში ყველაზე ხშირად უხეშობენ. საკმარისია, თქვას „აჰ“ და „ვაი“, რომ მსაჯები მაშინვე უკითხავენ ლექციას, ზოგჯერ კი აფრთხილებენ კიდეც და არ ნიშნავენ პენალტს მის სასარგებლოდ მაშინაც კი, როდესაც „კლავენ“. ერთხელაც იქნება, ფეხს მოტეხენ და მერე დავიწყებთ ტირილს, რომ იტალიური ფეხბურთი გაუბედურდა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „კომო“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და სანაკრებო პაუზაზე სერია A-ს ლიდერის რანგში გავიდა (16 ქულა 7 შეხვედრის შემდეგ. მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს“,  მოქმედ ჩემპიონს, 14 ქულა აქვს მასაც 7 შეხვედრიდან). ანტონიო კონტეს გაწვრთნილი გუნდი მომდევნო მატჩს 20 ოქტომბერს, სტუმრად საბა გოგლიჩიძის „ემპოლისთან“ გამართავს.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ ღირსება სერია A-ს 7 შეხვედრაში დაიცვა და თავი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ამჟამად კვარა საქართველოს ეროვნული ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის მატჩისთვის ემზადება ალბანეთთან, რომელიც 14 ოქტომბერს გაიმართება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

წყარო: europop.ge

სრულად წაკითხვა