“მოხდება დაზარალებულების და მოძალადეების იდენტიფიცირება და რეესტრის შექმნა” -4 ოპოზიციური პარტიის შეთანხმება

2 weeks ago 7

არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დაპატიმრებულ პირებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაკეთდა 4 ოპოზიციური პარტიის საინფორმაციო ცენტრში. პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, რუსული თვითმარქვია რეჟიმი სასტიკ დევნას ახორციელებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ ანტიევროპულ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას პროტესტს უცხადებს.

“ჩვენ ვმუშაობთ და კიდე უფრო აქტიურად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ შეიქმნას რეესტრი, რომელშიც იქნება თითოეული დაზარალებული და თითოეული მოძალადე. ამ მასალებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დადგეს საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული მოძალადის მიმართ. არ დავტოვებთ არცერთ საერთაშორისო მექანიზმს, სადაც არ წავიღებთ საქმეებს დაზარალებულების სახელით.” – განაცხადა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა.

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის თენგო თევზაძის თქმით, ყველა მხრის იდენტიფიცირება მათ საშუალებას მისცემს, როგორც დაზარალებულების დახმარებისა, ასევე მოძალადეების პასუხისმგებლობის დაყენების.

“მნიშვნელოვანია, ყველა მოძალადემ იცოდეს, რომ მოხდება მათი იდენტიფიცირება და მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვება,” – აღნიშნა თენგო თევზაძემ.

“ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” წევრის თამარ კორძაიას თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს 3 მნიშვნელოვან კომპონენტს: პირველი ეს არის მედია სფერო, რომლის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება და უკვე მედიის 72 წარმომადგენელია დაზარალებული ამ დევნის გამო.

ასევე კორძაიას განცხადებით მნიშვნელოვანი კომპონენტია ის სისასტიკე, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება ჩადის საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

“ეს სისასტიკე ხორციელდება ე.წ ბუფერულ ზონაში. დაკავების შემდეგ მათ სცემენ მანქანებში, სადამდეც არავის უშვებენ, რომ ობიექტურმა თვალმა დაინახოს. ამის შემდეგ ხალხს ხელს აწერინებენ, რომ დაკავებისას მიიღეს დაზიანებები – ეს აუცილებლად გამოსაძიებელია.” – აღნიშნა კორძაიამ.

კორძაიას თქმით, ყურადღებაა გასამახვილებელი იმ ჩხრეკა-ამოღებებზე, რომელიც ხორციელდება პოლიტიკური პარტიების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში. როგორც მან აღნიშნა, არცერთ შემთხვევაში არაა წარმოდგენილი შესაბამისი დადგენილებები, არ ესწრებიან მოწმეები და ადგილზე არ უშვებენ ადვოკატებს.

პარტია” გახარია საქართველოს” წევრმა ზაზა თავაძემ აქცენტი გააკეთა კონსტიტუციის მე-9 მუხლის დარღვევაზე, რომელიც გულისხმობს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

“ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ირღვევა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი, რომელიც ცალსახად კრძალავს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ჩვენ ცალსახად მივუთითებთ იმაზე, რომ ეს ქმედებები, რომელიც ხორციელდება ივანიშვილის წახალისებით, არ დარჩება დაუსჯელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ ნაწილში ჩვენი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცული და მოხდეს დამნაშავეების პასუხისმგებლობა.” – განაცხადა ზაზა თავაძემ.

სრულად წაკითხვა