მსოფლიოს 80-მდე ჟურნალისტი: საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ასეთ ბნელ დროს, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამაც ჟურნალისტებს

1 week ago 7

მსოფლიოს 80-მდე ჟურნალისტი და რედაქტორი, რომელიც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) გლობალური და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრია, მიმდინარე მოვლენების ფონზე ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებს.

“მკაცრად ვგმობთ მიზანმიმართულ, განზრახ და ხშირად სასტიკ თავდასხმებს ჟურნალისტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მიერ საქართველოში ახლანდელი პროტესტების ტალღის პერიოდში. პროტესტი გამოიწვია 28 ნოემბერს გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, რომ საქართველო შეაჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე.

საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ასეთ ბნელ დროს, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამაც ჟურნალისტებს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოს საზოგადოების ინფორმირებისთვის, წარმოუდგენლად მტრული და საშიში გარემოს მიუხედავად. მათი სამუშაო აუცილებელია – არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოების ინფორმირებისთვის მიმდინარე მოვლენებზე, არამედ სამყაროსიც.

ჟურნალისტები სასტიკად სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაემუქრნენ, და დააკავეს. მათი აღჭურვილობის კონფისკაცია და განადგურება მოხდა, და მათ სამუშაოს მუდმივად უშლიან ხელს. ამავდროულად, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაშავების სამთავრობო კამპანიები უცვლელად გრძელდება.

ადგილობრივი მედიის თავისუფლების ორგანიზაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან მინიმუმ 90 ჟურნალისტი აღმოჩნდა ფიზიკური თავდასხმის, ვერბალური შეურაცხყოფის და ხელშეშლის წინაშე, როდესაც პოლიცია სასტიკად შლიდა პროტესტებს. დაშავებული ჟურნალისტების უმრავლესობა წარმოადგენენ დამოუკიდებელ და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ გამოცემებს…

საქართველოში მედიაზე ეს უპრეცედენტო თავდასხმა ქვეყანაში პრესის თავისუფლებისა და, უფრო ფართოდ, დემოკრატიული თავისუფლებების უკუსვლის პარალელურად ხდება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მედია გარემო სულ უფრო მტრული და სახიფათო გახდა, მაშინ, როდესაც სამართლებრივი და ინსტიტუციური ინსტრუმენტები იარაღად გამოიყენება კრიტიკული ხმების შევიწროებისთვისა და შეზღუდვისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

თარგმანი – ინტერპრესნიუსი

სრულად წაკითხვა