„მშობლებსაც დააჯარიმებენ“ ახალი კანონით - როგორ ებრძვის ოცნება პიროტექნიკას

1 week ago 13

საკანონმდებლო პაკეტი ერთ ძირითად და 7 თანმდევ კანონპროექტში ცვლილებას ითვალისწინებს. დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მისი გაყიდვა და ფლობა კანონდარღვევა გახდება. პიროტექნიკის გამოყენება დარეგულირდება შეკრება-მანიფესტაციის დროსაც. სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი დაადგენს.

რა სიახლეა ჯარიმებზე?

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს სამი ახალი მუხლი დაემატება, რომლის მიხედვითაც:

  • 5 000 ლარით დაჯარიმდება ყველა, ვინც პიროტექნიკას ლიცენზიის გარეშე შემოიტანს ან გაიტანს ქვეყნიდან. იგივე ოდენობის ჯარიმაა განსაზღვრული ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკის წარმოებისა და გაყიდვისთვის. ჯარიმასთან ერთად შსს-ს პიროტექნიკის ჩამორთმევის უფლებასაც იტოვებს. თუ კანონს ერთხელ დაჯარიმებული მეორედაც დაარღვევს ჯარიმა 6 000 ლარამდე გაიზრდება.
  • 2 000 ლარით დაჯარიმდება სანებართვო/სალიცენზიო პირობების დამრღვევი; შსს-ს ამ შემთხვევაშიც აქვს უფლება ჩამოართვას ან არ ჩამოართვას მფლობელს პიროტექნიკა;
  • ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა ჯარიმას ასამმაგებს (6 000 ლარი), მესამე ჯერზე კი ნებართვა/ლიცენზი გაუქმდება.
  • 2 0000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება ყველას, ვინც პიროტექნიკურ ნაწარმს მიყიდის მას, ვისაც კანონის მიხედვით, ფლობა გამოყენების უფლება არ აქვს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარია.
  • 1 000 ლარით დაჯარიმდება და პიროტექნიკა ჩამოერთმევა მას, ვისაც პიროტექნიკური ნაწარმის შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება არ აქვს. კანონის ამ მუხლის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარია.

ვის აქვს/არ აქვს პიროტექნიკის ყიდვის უფლება?

მთავარ კითხვა კანონპროექტი პასუხგაუცემლად ტოვებს. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედი რედაქციით, პიროტექნიკის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა აკრძალულია და ჯარიმდება.

ახალი კანონპროექტით, ამ ჩანაწერს კოდექსიდან ამოიღებენ, თუმცა ვინ ჩაწერს და სად ჩაიწერება იმ ადამიანების ან ჯგუფების სია, რომლებსაც პიროტექნიკის ყიდვა აეკრძალებათ ქართულ ოცნებას „განმარტებით ბარათში“ დაკონკრეტებული არ აქვს.

ასეთ ბუნდოვან საკითხებს კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, როგორც წესი, მთავრობა აწესრიგებს ხოლმე, შესაბამისი, დადგენილებებით.

მშობლის პასუხისმგებლობა

პროექტით მიხედვით, ბავშვთან ერთად მშობელსაც ან მის კანონიერ წარმომადგენელსაც დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში თუ:

  • თუ არასრულწლოვანი შეიძენს, გამოიყენებს ან თან ექნება პიროტექნიკური ნაწარმი;
  • ან არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის განკარგულებას ან მოთხოვნას;
  • ან რამენაირ შეურაცხყოფას მიაყებენ, მაგალიტად სიტყვიერს.

ასეთ შემთხვევაში ჯარიმა 100-დან 300 ლარამდეა.

კანონპროექტის თანახმად, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენა და გამოყენება მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს შეუძლია. სპეციალიზებული ცოდნის დადასტურების სერტიფიკატს გასცემს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.

ვინ არის სპეციალიზებული პირი? - კანონპროექტის მიხედვით, ესეც მთავრობამ უნდა განსაზღვროს ისეთ საკითხებთან ერთად, როგორიცაა ბაზარზე გატანის წესი და პირობები, პიროტექნიკის სახეობები, გამოყენების წესი და ყველა სხვა ბუნდოვანი დეტალი.

ამისთვის ვადა 2025 წლის პირველ თებერვლამდეა. კანონპროექტის ავტორები, მის დაჩქარებულად განხილვას ითხოვენ.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში 4 დეკემბერს დარეგისტრირდა. მისი ავტორები არიან, ქართული ოცნების დეპუტატები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

ლიცენზირებას პიროტექნიკა 2025 წლის პირველი თებერვლიდან დაექვემდებარება, ჯარიმების მექანიზმი კი პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

პიროტექნიკის ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტის ან ექსპორტის უფლების მოსაპოვებლად სალიცენზიო მოსაკრებელი 200-200 ლარით განისაზღვრა.

რომელი უწყება გასცემს და გააკონტროლებს ლიცენზიებს?

კანონპროექტის მიხედვით, ორივე შემთხვევაში პასუხისმგებელი სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოა. ლიცენზიის საფასური დაჩქარების შემთხვევაში 1 000 ლარია, სტანდარტულ 20 დღეში კი 500 ლარი იქნება გადასახდელი.

კანონპროექტს შემოაქვს განმარტება ტერმინების - „პიროტექნიკური შემადგენლობა“ და „პიროტექნიკური ნაწარმი“.

პიროტექნიკური შემადგენლობა - „დეტონაციის უნარის არმქონე წვადი შემადგენლობა, რომელიც წვის პროცესში ახდენს წვის პროდუქტების (აეროზოლი, კვამლი) გენერირებას სითბურ, სინათლის და მექანიკურ ენერგიად, სხვადასხვა სპეციალური (მათ შორის, ოპტიკური, აკუსტიკური) ეფექტების შესაქმნელად”

პიროტექნიკური ნაწარმი - პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობა, რომლის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ და რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე, მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლის და კომბინირებული (მათ შორის, სასცენო) ეფექტების შესაქმნელად.

წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც - რა შემთხვევაში?

ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ორიდან ხუთ წლამდე ემუქრება მას ვინც, ფეთქებად, ადვილად აალებად, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესს დაარღვევს.

იგივე სასჯელს ითვალისწინებს მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

აკრძალვა აქციებსაც შეეხება - როგორ?

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს აკრძალულია ფეთქებადი და ადვილადაალებადი ნივთიერებების ქონა, ქართული ოცნება ახალი ინიციატივით ცალკე ჩაწერს პიროტექნიკასაც, ცივი, ცეცხლსასროლი, ასაფეთქებელი და რადიოაქტიური ნივთიერებების გვერდით.

„ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ სახიფათო პროდუქტს წარმოადგენს პიროტექნიკური ნაწარმი, რომლის არასწორმა გამოყენებამაც შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები: ადამიანის ფიზიკური დაზიანება, მათ შორის, ხელების, სახის, თვალების დამწვრობა, კიდურების დაკარგვა ან ადამიანის გარდაცვალება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პიროტექნიკური ნაწარმის შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს გამოყენება აკრძალული იყოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადამიანის სიცოცლისა და ჯანმთელობის ხელყოფის რისკები“, - ასე ასაბუთებს ცვლილებებს ქართული ოცნება განმარტებით ბარათში.

ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში პოლიცია იტოვებს უფლებამოსილებას მოითხოვოს მანიფესტაციის შეწყვეტა, არშეწყვეტის შემთხვევაში დასაშლელად გამოიყენოს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

ახალ წელს ფეიერვერკს ვერ გავისვრით?

ამ კითხვას ახალი საკანონმდებლო პაკეტი ირიბად პასუხობს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორების მის დაჩქარებულად მიღებას ითხოვენ, ცვლილებები ახალ წლამდე მაინც არ ამოქმედდება. მთავარია ბაზარზე ყიდვა მოახერხოთ, რადგან ქართულმა ოცნებამ პიროტექნიკას ბრძოლა უკვე გამოუცხადა.

4 დეკემბრიდან ფეიერვერკები, რომლებსაც აქციის მონაწილეები ისროდნენ, არარ იშოვება. პიროტექნიკის არაერთი მაღაზია დაიხურა. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ეს გეგმური შემოწმებაა და როგორც კი შეამოწმებენ, მაღაზიები ისევ გაიხსნება.

სრულად წაკითხვა