ნატოს მინისტერიალი დაიწყო- მარკ რუტემ კომენტარი საქართველოზეც გააკეთა

2 weeks ago 17

ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. მინისტერიალს, რომელიც ბელგიის დედაქალაქში დღეს და ხვალ, 3-4 დეკემბერს იმართება, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ესწრება. საგარეო უწყების ლიდერის როლში, ეს მისი ბოლო მინისტერიალია. შეერთებულ შტატებში 20 იანვრიდან ხელისუფლებას არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გადაიბარებს.

ალიანსი განიხილავს მიმდინარე კონფლიქტებს უკრაინაში, თუ ახლო აღმოსავლეთში და მათ გავლენას ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ასევე იგეგმება მსჯელობა ნატოს წევრი ქვეყნების წინაშე არსებულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე. მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ საქართველოზე "ტვ პირველის" მიერ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

მინისტერიალი

ნატო გაზრდის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას, რათა ალიანსმა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა და წევრი ქვეყნების ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება. ეს განცხადება მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მარკ რუტემ გააკეთა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

”ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთი და ჩინეთი დაშინების მიზნით, ჩვენი ერების დესტაბილიზაციას დივერსიული აქტებით, კიბერთავდასხმებით, დეზინფორმაციითა და ენერგეტიკული შანტაჟით ცდილობდნენ”, - უთხრა რუტემ 3 დეკემბერს ბრიუსელში შეკრებილ ჟურნალისტებს და დასძინა:

”ნატოს მოკავშირეები გააგრძელებენ ერთად დგომას ამ საფრთხეების დასაძლევად, მთელი რიგი ზომების მიღების გზით, მათ შორის - დაზვერვის მონაცემთა უფრო მეტად გაზიარებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უკეთ დაცვის ჩათვლით”.

ნატოს მინისტერიალზე ახალი სტრატეგიის შემუშავებას მოელიან, რომელიც ალიანსის წინაშე არსებული ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავებასთან ბრძოლას ითვალისწინებს. ჰიბრიდულ საფრთხეებში ნატო მოიაზრებს ბევრ ქმედებას, მათ შორის - პროპაგანდას, პოლიტიკურ ჩარევას, სიცრუეს, დივერსიულ აქტებს საკვანძო ინფრასტრუქტურაზე და სხვა დამატებით ტაქტიკას, რაც ჩვეულებრივი სამხედრო სფეროს მიღმა ხორციელდება.

ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის დასრულებამდე დარჩება, შემდეგ კი 5 დეკემბრამდე მალტაში ვიზიტს გეგმავს. ალიანსში კოლეგებთან გამართულ შეხვედრებზე ამერიკის სახელმწიფო მდივანი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაზე იზრუნებს, რაც მოიცავს რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველყოფასაც.

ამას გარდა, ბლინკენი იმუშავებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში ნატოს სამხრეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს ჰააგის მომდევნო სამიტის სამზადისში.

მალტაში ბლინკენი დაესწრება ეუთოს მინისტერიალის 31-ე შეხვედრას, სადაც განიხილავენ უსაფრთხოების მხრივ შექმნილ ვითარებას ევროატლანტიკურ და ევრაზიულ სივრცეში.

ნატომ მომავალი წლისთვის უნდა უზრუნველყოს მზაობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე და ასევე, სხვა საფრთხეების პირისპირ, - განაცხადა ბლინკენმა ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის წინ.

“ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი მომენტია, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ იმაში, რომ ალიანსი მომავალი წლისთვის სათანადო დონეზე იდგება", - განაცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებთან.

საქართველო

მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს კითხვა ქართველმა ჟურნალისტმაც დაუსვა. ინა ცარციძეს "ტვ პირველიდან", აინტერესებდა ალიანსის ლიდერის მოსაზრება საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და ასევე იმაზე, თუ რით შეუძლია ნატოს ქართველი ხალხის დახმარება.

"დიდი მადლობა ამ ძალიან აქტუალური შეკითხვისთვის. ძალადობის შესახებ ცნობები ღრმად შემაშფოთებელია და მათ ცალსახად ვგმობ. მოვუწოდებ მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის და ვფიქრობ, ეს ყველა ქართველის ინტერესშია.

ნატო წარმოადგენს ალიანსს, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ეფუძნება ფასეულობებს, კონცეპტუალურად ეფუძნება თავისუფლების პატივისცემასა და დემოკრატიას. და მტკიცედ მწამს, რომ ეს ღირებულებები ჩვენი კოლექტიური მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველს წარმოადგენს.

ამ მომენტში რასაც ვხედავ, რასაც ყველა მოკავშირე ცხადყოფს, ისაა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში ან დემოკრატიის წინსვლას, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ასე ვთქვათ, ისინი ნამდვილად მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას დარჩეს იმ გზაზე, რომელსაც ისინი რამდენიმე წლის წინ დაადგნენ, აქტიურად გააგრძელონ [წინსვლა] და არ დაიხიონ უკან", - განაცხადა რუტემ.

სრულად წაკითხვა