ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიალის ქართული „აქცენტები“ – გუჯი ამაშუკელის საწინამძღვრო ჯვარი და ხატია ბუნიათიშვილის შესრულება (ვიდეო)

1 week ago 9

ხუთწლიანი რესტავრაციის შემდეგ, 7 დეკემბერს გაიხსნა ყველაზე ცნობილი კათოლიკური ეკლესია – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ცერემონიას თან ახლდა სინათლის შოუ, რომლის დროსაც მადლიერების ნიშნად მათ მიმართ, ვინც ტაძრის აღდგენაში მონაწილეობდა, სიტყვა „მადლობა“ ნაგებობის ფასადზე სხვადასხვა ენაზე გამოისახა, იუწყება BBC.

2019 წელს გაჩენილმა ხანძარმა საგრძნობლად დააზიანა საკათედრო ტაძრის სახურავი და მისი გოტიკური შპილი. ნოტრ-დამის აღდგენისთვის დაახლოებით 846 მილიონი ევრო შეგროვდა. აღდგენაში 2 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ძლიერი ქარის გამო, გადაწყდა გახსნის ცერემონია ტაძრის შიგნით გამართულიყო. პარიზში ბევრი გამორჩეული სტუმარი ჩავიდა, მათ შორის, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი უილიამი, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე, საქართველოს, უკრაინის, გერმანიის, პოლონეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ფინეთის, ლიტვის, საბერძნეთის და იტალიის პრეზიდენტები და სხვა ქვეყნების პირველი პირები.

ნოტრ-დამის ხელახლა გახსნის ცერემონიაზე გამოაბრძანეს საწინამძღვრო ჯვარი, რომელიც ქართველი არტისტის, გუჯი ამაშუკელის მიერ არის დამზადებული.

გუჯი ამაშუკელს „მსოფლიოს უდიდესი ოქრომჭედელს“ უწოდებენ.  მისი ნაკეთობების ადრესატთა შორის არიან იოანე პავლე მეორე, ბენედიქტე მეთექვსმეტე, საფრანგეთის აკადემიის წევრები, პრეზიდენტები.

1993 წელს გუჯი ამაშუკელი „ხელოვნების ოსტატად“ აღიარეს, მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი დამსახურების აღმნიშვნელი ოფიციალური ჯილდო – ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის საპატიო წოდება, არის საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი.

გახსნის ოფიციალური ნაწილის შემდეგ მსოფლიო ვირტუოზების კონცერტი გაიმართა. ცნობილ  შემსრულებლებთან ერთად ამ უნიკალურ კონცერტზე ხატია ბუნიათიშვილმაც დაუკრა.

Marcello/Bach Adagio

მანანა ბანძელაძე

სრულად წაკითხვა