WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვმა ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სოსლან მარგიევის კანდიდატურა წარადგინა.

მარგიევი წლების განმავლობაში რუსეთის სასამართლო სისტემაში მუშაობდა. ამჟამად ის რუსეთის უზენაეს სასამართლოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

კამბოლოვმა მარგიევის კანდიდატურა ადგილობრივ „პარლამენტს“ წარუდგინა, რომელმაც მისი დამტკიცების საკითხი უნდა განიხილოს.

  • 44 წლის სოსლან მარგიევი ცხინვალში დაიბადა. 2003 წელს დაამთავრა ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
  • მარგიევი რუსეთის სასამართლო სისტემაში 20 წელზე მეტია მუშაობს, მათ შორის 15 წელი მოსამართლის თანამდებობებზე გაატარა.
  • იყო მოსკოვის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე, ზვენიგოროდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2022 წელს მოსკოვის ოლქის ქალაქ ლობნიას საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

გამოცემა „ვექტორ კავკაზას“ ცნობით, კამბოლოვმა მოსკოვიდან ცხინვალში რამდენიმე ადამიანი ჩაიყვანა, მათ შორის თავისი თანაშემწე ეკატერინა ტოლსტიკოვა, რომელთან ერთადაც სხვადასხვა რუსულ უწყებაში იმუშავა.

ცოტა ხნის წინ კამბოლოვმა ე.წ. მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებიც განახორციელა.

„არჩევნები“ ცხინვალში

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბერს ჩატარდა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კამბოლოვმა 27 922 ხმა, ანუ 84,95% მიიღო. კენჭისყრაში კიდევ სამი კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა თითოეულ მათგანზე მეტი ხმა, 4,90%, „ყველას წინააღმდეგ“ მისცეს.

61 წლის კამბოლოვი პირველი ე.წ. პრეზიდენტია, რომელიც ცხინვალის რეგიონში არ დაბადებულა და იქ არც უცხოვრია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო. უწყების განცხადებით, კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და „ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს“.

არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.

18 სექტემბრის განცხადებაში ევროკავშირმა აღნიშნა, რომ არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც ე.წ. არჩევნები გაიმართა და მის შედეგს იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევს. ევროკავშირმა ასევე დაგმო მოსკოვის ქმედებები, რომელთა შედეგადაც რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა.

ვინ არის მარატ კამბოლოვი

მარატ კამბოლოვი 1965 წელს ჩრდილოეთ ოსეთში დაიბადა. ის ვლადიკავკაზის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია და მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა.

2004-2010 წლებში კამბოლოვი რუსეთის მეცნიერებისა და ინოვაციების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე იყო, 2010-2014 წლებში კი რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2014 წელს ის „კურჩატოვის ინსტიტუტში“ გადავიდა, რომელსაც 2021 წლიდან 2025 წლამდე ხელმძღვანელობდა. კამბოლოვს რუსეთის პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩევლის ჩინი აქვს.

ცხინვალში კამბოლოვი 2026 წლის მაისის ბოლოს გამოჩნდა, როდესაც ალან გაგლოევმა ის თავის სახელმწიფო მრჩევლად დანიშნა. 16 ივნისს დე ფაქტო პარლამენტმა კამბოლოვი ე.წ. პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.

23 ივნისს, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ალან გაგლოევი გადადგა. ოფიციალურ მიზეზად მისი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად გადასვლა დასახელდა, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება კი კამბოლოვს დაევალა.

1 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.